არჩილ კბილაშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში შესაძლო კორუფციის ბევრი ნიშანია, გამოჩნდა ახალი გარემოებაც

არჩილ კბილაშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში შესაძლო კორუფციის ბევრი ნიშანია, გამოჩნდა ახალი გარემოებაც

access_time2020-07-30 12:10:16

„ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი „ლიდერფუდის“ 50%-იან წილთან დაკავშირებით მიმდინარე დავაში გამოვლენილ ახალ გარემოებაზე საუბრობს.


კბილაშვილის განცხადებით, მისთვის მუდამ ნაკლებად საინტერესო იყო და ამ ეტაპზეც ასეა, თუ რა კონტრბრალდებებს უყენებს მას მოსარჩელე ირაკლი დუმბაძე. კბილაშვილი ამბობს, რომ „ლიდერფუდის“ საქმეში გამოვლენილი ახალი გარემოება ძირეულად ცვლის საქმის არსს და კიდევ უფრო ნათელს ხდის ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების უსაფუძვლობას და შესაბამისად, უკანონობას. ადვოკატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


“მე არ მინდა კომენტარი გავაკეთო ბ-ნი ირაკლი დუმბაძის მიერ ჩემი მისამართით გაკეთებულ გუშინდელ განცხადებაზე. მე მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით, კიდევ ერთხელ მივუბრუნდე ლიდერი-ფუდის თემას და ძალიან მოკლედ ჩამოვთვალო ის უკანონობანი, რაც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა დაუშვეს დავით ზეიკიძესთან მიმართებით.


იმისათვის, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ყოფილიყო გამოტანილი, უტყუარად უნდა დადგენილიყო, რომ დავით ზეიკიძეს სარჩელი ჩაბარდა.

ჩვენს შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დავით ზეიკიძისათვის სარჩელის ჩაბარება დაამყარეს:

1) მოსარჩელის ადვოკატის ოფისის მენეჯერის განცხადებას, რომ მან დავით ზეიკიძეს ნამდვილად სარჩელი გაუგზავნა;

2) იმ ვარაუდს, რომ ვიდეოკადრში, კურიერის ხელში არსებულ კონვერტში შეიძლებოდა სასამართლოს კონვერტი ყოფილიყო ჩადებული.

3) ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 ივლისის ექსპერტიზის დასკვნას, იმ მინიშნებით, რომ მამაკაცის ხელთ არსებულ კონვერტს კუთხეებში მუქი შეფერილობა აღენიშნებადა რომ კონვერტი, რომელიც კურიერმა ლიდერი-ფუდის ოფისს ჩააბარა სისქით შეესაბამებოდა 49 ფურცელ-მოთავსებულ კონვერტს, ანუ სარჩელს.

 

ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გვერდი აუარეს, არ მოისმინეს ან  დამახინჯებულად წარმოაჩინეს მტკიცებულებები, რომლებიც დავით ზეიკიძისათვის სარჩელის ჩაბარებას გამორიცხავდნენ. ასეთი მტკიცებულება და გარემოება ბევრია. მე მხოლოდ მათ ნაწილს ჩამოვთვლი. ესენია:

 

1) შპს „ლიდერი-ფუდის“ სამეთვალყურეო კამერით გადაღებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც აჩვენებს, რომ კურიერი, რომელიც ოფისში შემოდის, ხელში ორივე გვერდიდან თეთრი კონვერტი უჭირავს. ეს კი გამორიცხავს სარჩელის ჩაბარებას, რადგან სასამართლოს კონვერტს ერთ გვერდზე მნიშვნელოვნად ლურჯი შეფერილობა აქვს. სასამართლო ამ მტკიცებულებაზე არაფერს ამბობს;

 


2) კონვერტი, რომელიც კურიერს ხელში უჭირავს არის ა-4 ფორმატის, ეს კი გამორიცხავს სასამართლოების ვარაუდს კონვერტის კონვერტში ჩადების შესახებ. სასამართლო ამ არგუმენტზე არაფერს ამბობს; 

 

3) კურიერის - შალვა იაშვილის ჩვენება, რომელმაც სასამართლო პროცესზე სიტყვა-სიტყვით განაცხადა შემდეგი: „კონკრეტულ შემთხვევაში, საერთოდ, ზოგადად რომ სასამართლოს წერილი რომ მიმეტანოს ეგეთი რაღაც არ მახსოვს“. სასამართლო ამ მტკიცებულებაზე არაფერს ამბობს.

 

4) დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ალტერნატივას“ 2019 წლის 25 ივლისის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ასკვნის, რომ ვიდეოფაილებში ასახული მამაკაცის ხელში არსებული კონვერტი, როგორც პირითი მხრიდან, ასევე ზურგითი მხრიდან არის თეთრი ფერის, ასევე ის, რომ კონვერტის სისქიდან გამომდინარე შეუძლებელია მასში ფურცლების რაოდენობის განსაზღვრა.სასამართლო ამ მტკიცებულებაზე არაფერს ამბობს;

 

5) მოსარჩელის მეუღლისა და შპს “ლიდერი-ფუდის“ კანცელარიის მუშაკის სატელეფონო მიმოწერა ვაიბერით. კერძოდ, მოსარჩელის მეუღლის კითხვაზე იყო თუ არა ლურჯი შეფერილობის ის კონვერტი, რომელიც მან დავით ზეიკიძისათვის გადასაცემად მიიღო, აღნიშნულ კითხვაზე, კანცელარიის მუშაკი ამბობს, რომ კონვერტი,რომელიც მან ჩაიბარა იყო მთლიანად თეთრი. სასამართლო ამ მტკიცებულებაზე არაფერს ამბობს და მას შეკრეჭილად წარმოაჩენს.

 

6) შპს “ლიდერი-ფუდის“ კანცელარიის მუშაკის მოწმის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ მის მიერ მიღებული კონვერტი იყო თეთრი. სასამართლო ამ მტკიცებულებაზე არაფერს ამბობს;

 

7) შპს “ლიდერი-ფუდის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოწმის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ მიღებული კონვერტი იყო თეთრი, ხოლო მასში სარჩელის ნაცვლად მოსარჩელის წერილი აღმოჩნდა. სასამართლო ამ მტკიცებულებაზე არაფერს ამბობს;

 

8) მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გაგზავნილი 5 ანალოგიური წერილი, რომელიც სადავო გზავნილის ჩაბარებას უშუალოდ უსწრებდა წინ. ეს გარემოება ამყარებდა მოპასუხის პოზიციას, რომ მოსარჩელემ მეექვსე ჯერზეც ჩვეულებრივი წერილი გაუგზავნა მოპასუხეს და არა სარჩელი. სასამართლო ამ მტკიცებულებებზეც არაფერს ამბობს.

 

9) და რაც ყველაზე მთავარია, კანონი ითვალისწინებს, რომ სარჩელის ჩაბარება სასამართლო უწყებით უნდა იქნეს დადასტურებული, საქმეში კი სასამართლო უწყება არ დევს. სასამართლო ამ გარემოებაზე დუმს.

 

მიაქციეთ ყურადღება, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არსებითად ემყარება მოსარჩელის ადვოკატის ოფისის მენეჯერის (ანუ დაინტერესებული პირის) განცხადებას, რომ მან ნამდვილად სარჩელი გაუგზავნა დავით ზეიკიძეს და წინააღმდეგობრივ ვარაუდს იმის შესახებ, რომ ორი ერთნაირი ზომის ა4 ფორმატის კონვერტიდან, ერთი მათგანი მეორეში იქნა ჩადებული (თანაც 49 ფურცლის რაოდენობით). აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ სააპელაციო სასამართლომ გვერდი აუარა პირდაპირ იმის თქმას, რომ ერთი კონვერტის მეორე კონვერტში ჩადებას იზიარებდა, თუმცა არაპირდაპირ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით, მან მაინც გაიზიარა ზემოაღნიშნული დაშვება. ამ ყოველივეს დაემატა მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი ერთ დღეში „მომზადებული“ ექსპერტიზის დასკვნა, რისი ანალოგიც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ისტორიაში არ მომხდარა, ამას დაემატა ისიც, რომ მეორე ინსტანციაში საქმე განიხილა იმ მოსამართლემ (ბ-ნმა მაკარიძემ), რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამომტან მოსამართლესთან (ბ-ნ ქოჩიაშვილთან) ერთად ამჟამად სააპელაციო სასამართლოს პალატის ერთ შემადგენლობაშია და ყოველივეს შედეგად მივიღეთ ის, რომ დავით ზეიკიძეს 15 მილიონი აშშ დოლარის ქონება სასამართლო განხილვის გარეშე ჩამოერთვა. აი, რატომ ვაცხადებ, რომ ამ საქმის განხილვაში მე კორუფციის სავარაუდო ნიშნებს ვხედავ.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული გარემოებანი სრულიად საკმარისია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებების გასაუქმებლად, მინდა განვაცხადო ერთი ახალი გარემოების შესახებ, რომელიც, ზემოაღნიშნულისაგან დამატებით, მაგრამ სხვა საფუძვლით, არსებულ ვითარებას ძირფესვიანად ცვლის.

იმის გამო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა არც მოსარჩელის და არც მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები, ხოლო მეორე ინსტანციის სასამართლომ, განსხვავებით პირველი ინსტანციის სასამართლოსაგან, ერთის მხრივ, უარყო მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო მეორეს მხრივ, როგორც ეს ზემოთ იქნა აღნიშნული, ირიბად და მინიშნებით, მაგრამ მაინც, გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ჩემმა მარწმუნებელმა გადაწყვიტა განცხადებით მიემართა გენერალური პროკურატურისათვის მოსარჩელის - ბ-ნი ირაკლი დუმბაძის, მოსარჩელის ადვოკატის - ბ-ნი პაატა სალიას, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის ბ-ნი ლაშა ამბროლაძის და საქმის განმხილველი მოსამართლეების ბატონების ლაშა ქოჩიაშვილის და გენადი მაკარიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რადგან ჩემი მარწმუნებელი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ამ პირებმა მის წინააღმდეგ სხვადასხვა სახის ანგარებითი დანაშაული ჩაიდინეს მისი ქონების უკანონო დაუფლების მიზნით.

პროკურატურისათვის დამატებითი დოკუმენტების მოსაპოვებლად ჩემი მარწმუნებლის დაკვეთით ჩატარდა ახალი ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც გუშინ გახდა ცნობილი. ახალი ექსპერტიზის დასკვნით, შპს „ლიდერი-ფუდის“ სამეთვალყურეო კამერით გადაღებულ ვიდეოჩანაწერში, რომელიც 2019 წლის 22 მაისს კურიერის ოფისში შესვლას ასახავს, კურიერს ხელში უჭირავს არა ერთი, არამედ ორი კონვერტი.

აქვე ვაქვეყნებთ იმ ფოტოსურათებს, რომელიც ექსპერტმა ვიდეომასალის დამუშავების შედეგად ამოიღო და დასკვნას თან დაურთო. ამ ფოტოსურათებში მკაფიოდ და გარკვევით მოსჩანს ორი კონვერტი, რომელიც კურიერს ხელში უჭირავს. ამასთან ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ ორივე კონვერტი თეთრია. ამავდროულად, ექსპერტი ასკვნის, რომ ვიდეოჩანაწერში კადრში აღბეჭდილი კურიერის ხელში არსებული კონვერტების სისქის მიხედვით შეუძლებელია იმის დადგენა შეესაბამება თუ არა მათი სისქე 49 ფურცელ-მოთავსებულ კონვერტს. გარდა ამისა, ახალი ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ კონვერტები იმ ნაწილში, რომლითაც იგი კურიერს ხელში უჭირავს თხელი სისქის არის. აქედან გამომდინარე, სამხარაულის ბიუროს ექსპერტის მიერ მის ექსპერტიზის დასკვნაში ასახული ფოტოსურათები არასწორი რაკურსით არის გადაღებული.


რას ნიშნავს ყოველივე ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი ის ვარაუდები და ვერსიები, რომელიც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დავით ზეიკიძისათვის სარჩელის ჩაბარების დასტურად გამოიყენეს, კიდევ ერთხელ, ოღონდ სხვა საფუძვლით თავდაყირა დგება, რადგან კურიერის ხელში ორი თეთრი კონვერტის არსებობის შემთხვევაში, გაუგებარი რჩება რომელი კონვერტია თბილისის საქალაქო სასამართლოსი და რომელ კონვერტს ჩაუტარა ექსპერტიზა სამხარაულის ბიურომ, რომელიც მხოლოდ ერთ კონვერტზე საუბრობს და მეორე კონვერტის შესახებ არაფერი აქვს ნათქვამი.

ეს ახალი გარემოება კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რატომ უნდა ეხელმძღვანელათ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს კანონის მოთხოვნით, რომელიც მოპასუხისათვის სარჩელის ჩაბარებას მხოლოდ სასამართლო უწყების (და არა ვიდეოჩანაწერის) მეშვეობით მოითხოვს. ვფიქრობ, აღნიშნული შემთხვევა კარგი გაკვეთილი უნდა იყოს მომავალში ყველასათვის, რათა კანონის მოთხოვნის მსგავსი იგნორირება აღარ მოხდეს“, - ნათქვამია არჩილ კბილაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 



თეგები:
ლიდერფუდი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up