არჩევნების შედეგების შესასწავლად შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისია ოთხი დეპუტატით დაკომპლექტდება, სადაც ორი წევრი ოპოზიციის, ორი კი უმრავლესობის წარმომადგენელი იქნება.
დროებით საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა და კვოტები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განსაზღვრა.
როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი კახიანმა განმარტა, საგამოძიებო კომისიაში სულ მცირე რვა ადგილი უნდა ჰქონდეს ოპოზიციას, მაგრამ ისინი კომისიის საქმიანობაში ჩართვაზე უარს აცხადებენ. „ქართული ოცნების“ წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიას შეუერთდება და კომისიის 4-კაციანი შემადგენლობა გაიზრდება. მათ ოპოზიციის წარმომადგენლებს კომისიის საქმიანობაში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
ოპოზიციის სტატუსით კომისიაში დეპუტატები ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი ჩაერთვებიან.
imedinews.ge