კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტის” ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე ეთანხმება იტალიისა და ავსტრიის ელჩების პოზიციას, რომ საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში უცხოური კომპანიები ნაკლებად იღებენ მონაწილეობას და სისტემაში ბევრი პრობლემური საკითხია.
ამის შესახებ ტრაპაიძემ Business Media Lunch-ის ფარგლებში განაცხადა, სადაც სახელმწიფო ტენდერებზე მსჯელობდნენ.
პაატა ტრაპაიძე ამბობს, რომ არ შეიძლება სახელმწიფო შესყიდვები მხოლოდ ფასზე იყოს დამოკიდებული და უცხოური კომპანიებისთვისაც დამაბრკოლებელი სწორედ ეს არის.
“არცერთი სერიოზული კომპანია არ იღებს მონაწილეობას საქართველოში სახელმწიფო ტენდერებში, რატომ? - მარტივი პასუხია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ფასზეა დამოკიდებული.
აქ იყვნენ ჩამოსული ძალიან სერიოზული კომპანიები, ისინი ამბობენ: მოგვეცით ოპტიმიზაციის საშუალება. (შემსყიდველები) ეუბნებიან, რომ “მე გაგიკეთებ უკეთესად”, ევროპული კანონით და ა.შ. მაგრამ არა, რაც არის პროექტი ისე უნდა განხორციელდეს”, - აცხადებს ტრაპაიძე.
მისივე თქმით, კარგი იქნება თუ სახელმწიფო ტენდერები გამოცხადდება არა ცალ-ცალკე პროექტირებაზე, მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაზე, არამედ ყველაფერზე ერთად, რადგანაც თავად კომპანიასაც ჰქონდეს მოტივაცია, ხარისხიანად გააკეთოს პროექტი და მოვლა-პატრონობაზე ნაკლები დრო და რესურსი დახარჯოს.
“სამმა ჩინურმა კომპანიამ მოიგო რიკოთის უღელტეხილზე სამი დიდი ტენდერი. რომ იყოს ეს ტენდერი გამოცხადებული ასეთი გზით: პროექტირება- მშენებლობა- მოვლა-პატრონობა ანუ 10 წლის მერეც უნდა მოეთხოვებოდეს პასუხი. ჩინელი აქ არ გაჩერდება და წავა და აუცილებლად აიყვანს ქართულ კომპანიას და ჩააბარებს ამ მიმართულებას”, - აცხადებს პაატა ტრაპაიძე.
BMG