„არც ერთ დამპყრობელს არ გაუკეთებია ის, რაც რუსულმა ხელისუფლებამ და მისმა ეგსარქოსებმა გაუკეთეს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას

„არც ერთ დამპყრობელს არ გაუკეთებია ის, რაც რუსულმა ხელისუფლებამ და მისმა ეგსარქოსებმა გაუკეთეს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას

access_time2019-01-14 10:00:39

„ექსარხოსი სწირავდა ფორმად სლავენურადა, მლოცველებს არ ესმოდათ, ქონდათ სანანურადა“, - აკაკი წერეთელი, „ვორონცოვი“


საქართველოს ეკლესია და სამწყსო, „ქრისტიანობის მმოსავი თექვსმეტი საუკუნის განმავლობაში“, მთელი 106 წელი (1811-1917 წწ) დამონებული ჰყავდა ერთმორწმუნე რუსეთის ეკლესიას.



რუსეთის იმპერიამ 1811 წელს დაასრულა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დათრგუნვის პროცესი, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ჯერ კიდევ გეორგიევსკის ტრაქტატში ვერაგულად ჩადებული მე-8 არტიკულით:


კათალიკოსსა ანუ უმთავრესსა არქიეპისკოპოსსა მათსა აქუნდეს ადგილი რიცხვთა შორის რუსეთის მღვდელმთავართასა მერვესა შინა ხარისხსა.


ანუ ტრაქტატის მე-8 მუხლით ქართული ეკლესიის მეთაური ცხადდებოდა რუსეთის სინოდის წევრად, მაგრამ ტრაქტატი (მით უფრო კანონიკურად არასწორად შედგენილი) არ წარმოადგენდა იურიდიული დატვირთვის აქტს. ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით რუსეთმა დაარღვია მოციქულთა 34-ე კანონი: ყველა ერის ეკლესია უნდა იმართებოდეს საკუთარი ეპისკოპოსების მიერ.


„არც სპარსელებს, არაბებს, მონღოლებსა და თურქებს არ გაუკეთებიათ ის, რაც რუსულმა ხელისუფლებამ და მისმა ეგსარქოსებმა გაუკეთეს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, - ასე შეაფასა საქართველოს ეკლესიის „რუსული პერიოდი“ ივანე ჯავახიშვილმა 1906 წელს გამოცემულ ნაშრომში სოციალური და პოლიტიკური მოძრაობა XIX საუკუნის საქართველოში“.




„რუსულმა მმართველობამ მეტად აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვიტეს საკათალიკოსოს გამგებელ ქუთათელ მიტროპოლიტ დოსითეოსისა და გაენათელ მიტროპოლიტ ექვთიმეს სიკვდილით დასჯა. ყველაზე საშიშია, რომ არ გაიგონ მიტროპოლიტების სიკვდილი, რომელთა მკვლელობაც ააღელვებს ხალხს, სამღვდელოებას და თავადებს. ასევე ცუდად იმოქმედებს ეს ფაქტი ჩვენს ჯარისკაცებზეც, რომელთაც რწმენა აქვთ სამღვდელოებისა. არავითარ შემთხვევაში არც ერთის სხეული არ დატოვოთ იმერეთში, არ დამარხოთ. ასევე არ ჩააგდოთ გვამები მდინარეში, თორემ სწრაფ მდინარეს შეუძლია სხეული ზემოთ ამოიტანოს. აუცილებლად მიიტანეთ სხეულები კაიშაურამდე, სადაც შეიძლება ისინი მიაბაროთ მიწას (Акты, VI. ч I:582).


1820 წლის 4 მარტს დიდმარხვაში მღვდელმთავრები შეიპყრეს, თავზე ტომრები ჩამოაცვეს, ხელები შეუკრეს და ნაცემნაგვემი ასაკოვანი მიტროპოლიტები რუსეთის გზას გაუყენეს. რუსის ხიშტებით დაჩხვლეტილი მიტროპოლიტი დოსითეოსი სურამსა და გორს შორის გზაზე გარდაიცვალა. ეგზარქოს თეოფილაქტე რუსანოვის ბრძანებით, მიტროპოლიტი დოსითეოსი პირველივე ეკლესიაში ქრისტიანული წესით ყოველგვარი ცერემონიალის გარეშე უნდა დაეკრძალათ (Русская старина 1895:121). გარდაცვლილი, სისხლისაგან დაცლილი ნატანჯი მიტროპოლიტი დოსითეოსი ანანურის ეკლესიამდე ატარეს ისე, რომ ხალხს მისი სიკვდილის შესახებ არაფერი გაუგია”, - ვკითხულობთ ისტორიკოს ლევან ტყეშელაშვილის ნაშრომში.


მიტროპოლიტი დისითეოსი „საეკლესიო აჯანყების“ გამო დასაჯეს, მაგრამ რის გამო მოკლეს დიმიტრი ყიფიანი - მაღალი რანგის მოხელე (მისი ჩინი „დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკისა“ შეესაბამებოდა გენერალ-მაიორის ჩინს), რომელიც, აკაკი ბაქრაძის თქმით, ცდილობდა ყოფილიყო ქართველი პატრიოტიც და რუსი მოქალაქეც?




„მე რუსი ვარ ჩემი სამსახურით, ლუკმა პურით, რომელსაც ვსჭამ, და ჩემის აზრის მიმართულებით. მე ქართველი ვარ გვარტომობით და მოძმეთა ენით. საჭიროა წაშლა იმ ლარისა, რომელიც ამ ორ სიტყვას შორის არის გადებული. საჭიროა, ამ ორი სიტყვიდან - რუსი და ქართველი - ერთი სიტყვის შემუშავება, მათის მნიშვნელობის შედუღაბება ერთს ცნებაში სიტყვით და საქმით“, - აი, ასეთ კაცს ვერ აპატიეს საყვედური, რომელიც შეჰკადრა ეგზარქოს პავლე ლებედევს საქართველოს დაწყევლის პასუხად.


„დაიწყევლოს სამუდამოდ შენი მკლავიცა და ის ოჯახიცა, რომელმაც შობა იგი, რომელმაც დაბადა ის, ქვეყანა, რომელმაც გამოზარდა მკვლელი“, - ამ წყევლის (შეჩვენების) ადრესატები იყვნენ სასულიერო სემინარიის რექტორის, პავლე ჩუდეცკის, მკვლელი იოსებ ლაღიაშვილი და მთელი საქართველო.


რუსი ეგზარქოსის დამუნათების გამო 73 წლის დიმიტრი ყიფიანი გადაასახლეს სტავროპოლში, სადაც 1887 წლის 24 ოქტომბერს, ღამით, მძინარეს თავში ურო ჩაარტყს და მოკლეს.


აი, ასეთი ამბები ხდებოდა ერთმორწმუნე რუსეთის მფარველობის ქვეშ აყვანილ საქართველოში.


...და რა ხდებოდა, მაგალითად, მონღოლების მიერ დაპყრობილ ქვეყანაში?


„მონღოლთა ბატონობის დროს ეკლესია შეღავათებით სარგებლობდა. მონღოლებმა ეკლესია გაათავისუფლეს სამონღოლო გადასახადებისაგან. სწორედ ამით აიხსნება, რომ მონღოლთა ბატონობის მთელ სიგრძეზე ეკლესია აქტიურად არასოდეს არ გამოსულა მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ. სწორედ მონღოლების დროს ააშენა დემეტრემ მეტეხის ეკლესია, რაზეც ჟამთააღმწერელი წერს: „აღაშენა პალატასა შინა მონასტერი ისანთა, საყოფელად მეტეხთა და ღვთისმშობლისა და შეამკო განგებითა დიდითა...“ (შ. მესხიას რედაქტრობით 1958 წელს გამოცემული „თბილისის ისტორია“).


ნადავლად ქცეული ხატები და ჯვრები


რუსეთმა კი აღმოსავლეთ საქართველოში არსებული 13 ეპარქიის ნაცვლად მხოლოდ 2, ხოლო დასავლეთ საქართველოს 12 ეპარქიიდან 3 დატოვა. ამასთან, რუსეთის ბიუროკრატიამ და რუსმა ეგზარქოსებმა ხალხს მოუსპეს მთავარი - ღვთისმსახურება და ლოცვა მშობლიურ ენაზე; დაუკეტეს, შეუღებეს და დაუნგრიეს ტაძრები; გააუქმეს ეპარქიები; შეამცირეს სამრევლოები; გარეკეს უმრევლოდ დარჩენილი მღვდლები; მოსახლეობას წაართვეს ხატები და ჯვრები. დაიწყო საეკლესიო საგანძურის უკონტროლო გატანა, რაც რუსეთის იმპერიის დაშლამდე გაგრძელდა.


2006 წელს საქართველოს პარლამენტს ჰქონდა მცდელობა მუშაობა დაეწყო საქართველოდან გატანილი საეკლესიო საგანძურის დაბრუნების საკითხზე. ისტორიკოსმა ელდარ ბუბულაშვილმა მაშინ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსი ეგზარქოსების გარდა საგანძურს სხვა ადამიანებიც იტაცებდნენ, მაგალითად, მოგზაურები ან მეცნიერები:


„არა მარტო საქართველოს ეკლესიის სიწმინდეებია დაკარგული, არამედ იკარგებოდა ხელნაწერებიც. არაფერს ვამბობ ღვთისმშობლის ვედრების (ხახულის) ხატზე, რომელიც 1859 წელს მოიპარეს“.



საქართველოს ისტორიიდანაც ცნობილია რუსი ბიუროკრატების გვარები (კოვალენსკი, ლევაშოვი და სხვ.), რომლებმაც განსაკუთრებულად გამოიჩინეს თავი ამ საქმეში: გაძარცვეს ქართული ეკლესიები, დაანგრიეს ანდა გადააკეთეს ისინი რუსული არქიტექტურის ყაიდაზე, ჩამოფხიკეს ან საერთოდ მოსპეს უნიკალური ფრესკები და მოზაიკები.


მხოლოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ შეძლო საქართველოს საეკლესიო საგანძურის გადინების შეჩერება. 1920 წლის 28 მაისს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ გამოსცა დეკრეტი საისტორიო, საარქეოლოგიო, სამხატვრო და სხვა საკულტო ნივთების საქართველოს რესპუბლიკიდან გატანის აკრძალვის თაობაზე. ამ დეკრეტის მეორე პუნქტით, რესპუბლიკის განათლების მინისტრის ნებართვის გარეშე იკრძალებოდა გაეტანათ შემდეგი ნივთები: ყოველგვარი საეკლესიო ნივთი და სამკაული, ხატი, ჯვარი, ჭურჭელი, შესამოსელი, ნაკერ-ნაქარგი ნივთები, ხელნაწერი და ძველი ნაბეჭდი წიგნები, სიგელ- გუჯარნი, ქანდაკებანი, ჩუქურთმიანი ქვები და სხვა ჩუქურთმიანი ნივთები.


ზნეშეცვლილი სამღვდელოება


საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საეგზარქოსოს სახით სხვა ეკლესიის შემადგენლობაში ხანგრძლივმა ყოფნამ კვალი დაამჩნია ქართველი სასულიერო პირების ცხოვრების წესსაც. დავით კლდიაშვილის მიერ აღწერილი („მრევლში“) ზოსიმე მღვდლის ტიპი(„მქადაგებელი სიყვარულისა მოყვასისადმი, განმანათლებელი სულისა, გამწმენდი გულისა ყოველივე მძულვარებისა და ბოროტებისაგან“) ნელ-ნელა ჩაანაცვლა ანგარებიანი, „ჩინოვნიკი მღვდელმსახურის“ ტიპმა, როგორსაც მწერალი შალვა დადიანი თავისი მამის, ნიკო დადიანისა, და მღვდელ მაქსიმე გოგინავას სიტყვებით აღწერს მოგონებების წიგნში „რაც გამახსენდა“:





„...ნაღვლობდნენ, რომ ბოლო ხანებში მღვდლები იქცნენ „ჩინოვნიკებად“ და მეფის რუსეთის მთავრობის აგენტებად, რომ უკვე მოწოდების და ხალხის სამსახურისათვის კი არ მიდიოდნენ მღვდლად, არამედ ანგარებისა და კეთილმოწყობის მიზნით, და მღვდლადაც მომზადების შეფარდებით კი აღარ აკურთხებდნენ, არამედ ქრთამის გაღებისა და სხვადასხვა ხასიათის შეძღვნათა გამო“.


შალვა დადიანი ასევე აღწერს ქართველი მღდვლის გარუსებამდელ, მოკრძალებულ შესამოსელს, რომელიც ბავშვობიდან შემორჩა მწერლის მეხსიერებას:


„მღვდლები ანაფორებით იყვნენ და არც ჯვრები ჰქონდათ გულ-მკერდზე ჩამოკიდებული. ჯვარი შემდეგში დაჰკიდა ჩვენებურ მღვდლებსაც რუსეთის მეფემ“.


ავტოკეფალისტთა გამარჯვება და სიხარული


რუსეთის მეფემ გადაბირებულ ქართველ „მოწესეებს“ (სამღვდელოებას) მდიდრული ჯვრები, ხოლო „ერისკაცებს“ ჩინ-მედლები დაჰკიდა, თუმცა ამან მაინც ვერ შეაჩერა ქართველი ერის სწრაფვა აღედგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ეკლესიის ავტოკეფალია.


საქართველოს მართლადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის (25 მარტი, 1917 წელი) შემდეგ გამართული სრულიად საქართველოს პირველი საეკლესიო კრების მონაწილენი. 1917 წელი.


​დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ერთი წლით ადრე, 1917 წლის 12 მარტს, მცხეთის საკათალიკოსო ტაძარში გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) თბილისის ქართული სამღვდელოების, საქართველოს საგუბერნიო და სამაზრო მარშლების, თავადაზნაურობისა და წირვაზე მოსული მორწმუნე ხალხის წინაშე, წირვისა და პარაკლისის აღსრულების შემდეგ, წაიკითხა უდიდესი მნიშვნელობის, თუმცა მეტად ლაკონიური გადაწყვეტილება:


„დღეიდან, ე.ი. 12 მარტიდან, გრძელდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია”.



12 მარტსვე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაგრძელების საფუძველი ასე იყო აღწერილი:


„ვინაიდან საქართველოს ეკლესია არსებობდა დამოუკიდებლად, თანახმად მსოფლიო კრებათა კანონებისა, რომლის მოსპობა, ანუ გაუქმება, არ ექვემდებარებოდა არავითარ ძალას, გარდა მსოფლიო კრებათა, და სრულიად არაკანონიკურად შეაჩერეს მისი ავტოკეფალიური მართვა-გამგეობა“.


როგორ შეხვდა ქართული საზოგადოება ამ მნიშვნელოვან მოვლენას?


ცნობილი მწერლისა და პოლიტიკური მოღვაწის, შალვა ამირეჯიბის, პუბლიკაციის („ავტოკეფალისტები“, გაზეთი „საქართველო“, 1917 წ., 27 აპრილი, N 90) ტონი და სულისკვეთება ნათლად გამოხატავს ქართველი ხალხის ამაღლებულ განწყობას.




„არ ვიცი, ბევრ ჩვენგანს უნახავს ქართველი ავტოკეფალისტები თუ არა? მე ვნახე ჩვენი ეპისკოპოსები, რომელთაც ისე მაღლა ჯერ არასოდეს უზიდიათ ჯვარი, როგორც ეხლა, და მღვდლები, რომელთაც არასოდეს არ უთქვამთ ისეთი ქადაგება, როგორიც ეხლა“.


შალვა ამირეჯიბი ასევე საუბრობს ეკლესიის კულტურულ როლზე და ეკლესიის დატყვევებით გამოწვეულ საქართველოს კულტურის დატყვევებაზე:


„რამდენადაც საქართველოს ეკლესია ძველი ქართული კულტურის წარმომადგენელი იყო და რამდენადაც ეს ეკლესია ტყვეობას განიცდიდა, ტყვეობასვე განიცდიდა მთელი ქართული კულტურა. ეკლესიასთან ერთად ტყვეობას განიცდიდა მთელი ქართული არქიტექტურა ჩვენი ეკლესია-მონასტრების სახით, ქართული მხატვრობა ამ ეკლესიებში, ხატები, როგორც უმაღლესი ნიმუშნი ხელოვნებისა, და ყოველი წვრილმანი ნივთი, რომელზედაც ისტორიამ ხალხის შემოქმედება აღბეჭდა. ნუთუ ჩვენ არ უნდა გვიხაროდეს, რომ სინდისთან ერთად ვანთავისუფლებთ ამ ხელოვნებას და მთელ ჩვენ ცოცხალ ისტორიას?


...ჩვენი ეკლესია იმ ლამაზს ჰგავდა, რომელიც ყველა თავის სამკაულებით ტყვედ იყო წაყვანილი.


დღეს ეს ლამაზი თავისუფალია!


დღეს ეს სამკაულები დახსნილია!


და საჭიროა სიფხიზლე, რომ თავისუფლების მტრებმა ისევ არ დაატყვევონ ისინი!“


დატყვევების საფრთხე კი ყოველთვის არსებობს, მით უფრო მაშინ, როცა პატარა ქვეყანას რუსეთის მსგავსი მეზობელი ჰყავს. უახლოესი წარსულის გათვალისწინებით, ძნელია არ დაეთანხმო მიხეილ ჯავახიშვილს, რომელიც ამბობდა, რუსული ნაციონალიზმი აღვირაწყვეტილი სიხარბეა მხეცისა, რომელმაც ათი მეზობლიდან ცხრა შეჭამა და მეათესაც მოითხოვსო.



​ამ მხეცს ერთნაირად კვებავს იმპერიის როგორც საერო, ასევე სასულიერო ხელისუფლება, რომლებიც, როგორც აკაკი ბაქრაძე შენიშნავდა, ერთმანეთში არიან შეზრდილი და რუსული მართლმადიდებლობით ქადაგებენ კაცობრიობის გადარჩენას. ამ ქადაგების ნაწილია.



რუსეთის განსაკუთრებულობისა და უსაზღვროების მითი, რომ რუსეთი გამუდმებით უნდა ფართოვდებოდეს ლაზარე მღვდლის (ყაშას) ფორმულით: „სადაც რუსის სისხლი დაიღვრება და სადაც რუსის სამხედრო დროშა ჰფრიალებს, ის ქვეყანაც ჩვენია!“ (მ.ჯავახიშვილი „ლამბალო და ყაშა“).


რუს ჯარისკაცს ბევრგან აქვს სისხლი დაღვრილი. რუსეთი არც ყაშათა ნაკლებობას განიცდის. ამის დასტურად თუნდაც უკრაინაში მიმდინარე ამბები გამოდგება. დღეს ყველა ქართველი ავტოკეფალისტი უნდა ხარობდეს, რადგან უკრაინელი ავტოკეფალისტები ხარობენ სწორედ იმ სიხარულით, როგორითაც ჩვენ გავიხარეთ ასი წლის წინ - 1917 წლის 12 მარტს, როცა მტკიცედ ვთქვით: გრძელდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.



ჯომშერ რეხვიაშვილიჯიმშერ რეხვიაშვილი

რადიო თავისუფლება













"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით“

access_time2019-01-21 19:30:29
"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით, ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, საპენსიო რეფორმა ამ ქვეყნისთვის, ანუ ადამიანებისთვის დამაზიანებელი იქნება," — წერს სიციალურ ქსელში  "გირჩის" წევრი ნიკა ობოლაძე და იქვე მიზეზებს განმარტავს: არსებობს 2 ვარიანტი: ა) საპენსიო რეფორმა შემდეგი ათწლეულები უპრობლემოდ მუშაობს შემოთავაზებული სქემით ბ) არსებული...

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს
access_time2019-01-21 20:30:29
2016 წლის მარტში, ილონ მასკი ლოს-ანჯელესის გარეუბანში Tesla-ს ერთ-ერთ სალონში მივიდა. ეს იყო იმ დღეს, როდესაც კომპანიამ დაიწყო შეკვეთების მიღება ახალ მოდელზე - Model 3-ზე, რომელიც უნდა გამხდარიყო ბრენდის პირველი ნაბიჯი მასობრივი მოხმარების სეგმენტში. ტოპ მენეჯერები მარჩიელობდნენ შეკვეთების შესაძლო რაოდენობაზე და ელოდნენ დაახლოებით 50 000-ს, რაც იქნებოდა რეკორდი ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის. თუმცა, რეალობამ გადააჭარბა...

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“
access_time2019-01-21 17:10:48
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს და ამბობს, რომ კომისიას ყველა კანონიერი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ კომპანიების მხრიდან განხორციელებული არაკანონზომიერი ქმედებები აღკვეთოს. კახა ბექაური იმედს იტოვებს, რომ კომისიის განცხადების შემდეგ კომპანიები წინდახედულობას გამოიჩენენ და კომისიასთან საკითხის გავლის გარეშე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ....

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს
access_time2019-01-21 16:00:10
პანორამა თბილისის ფარგლებში თაინვესტირების ფონდი „ცეკავშირის“ ყოფილ შენობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას 2019 წლის ბოლოს დაასრულებს. როგორც „კომერსანტს“ „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს, ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ფართების გაქირავება-გაყიდვის პროცესი დაწყებული არ არის. რაც შეეხება შენობის ქვედა სართულზე რამდენიმე ფართის გაყიდვა-გაქირავებას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ფართების მფლობელები კერძო პირები არიან, ვინც ჯერ კიდევ „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ შენობის შეძენამდე...

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების ახალ პროექტს იწყებს

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების  ახალ პროექტს იწყებს
access_time2019-01-21 18:15:28
,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“კომპანიის დირექტორმა, თათია არაბიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ,,ბლაუენშტაინ საქართველოში“ პარტნიორ ფერმერთა პროექტი გაზაფხულიდან განახლებული პირობებით გაგრძელდება და მასში ფერმერის თანამონაწილეობაც იგულისხმება. პროექტი გულისხმობს არსებული საქონლის ჯიშის გაუმჯობესებას და მასში ფერმერი დაახლოებით, 50%-იანი თანამონაწილეობით შევა,...


მსგავსი სიახლეები

up