„დაახლოებით 200 მაღაზია დახურა, ძირითადად თამბაქოს ჯიხურები დაიკეტა, რადგან ნორმებს ვერ აკმაყოფილებდნენ ან პირველადი მოხმარების პროდუქცია არ იყიდებოდა“, - ამის შესახებ კომერსანტს „ქართულ მაღაზიათა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ლუკა ჭელიძემ განუცხადა. მისი თქმით, უბნის მარკეტებში პირველადი მოხმარების პროდუქციაზე დეფიციტი არ შეინიშნება. როგორც ჭელიძე გვიყვება, უბნის მარკეტები, ბევრგან ფუნქციონირებს და იქედან გამომდინარე, რომ ქსელურში დიდი რიგებია და მოსახლეობას დისტანციის დაცვა უწევს, არაქსელურ მაღაზიებს უკეთესი მუშაობა აქვთ.
„ზოგ შემთხვევაში არის ხოლმე შეფერხებები დისტრიბუციასთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანი პრობლემები არ შექმნილა. მე არც ერთი ჩვენი წევრი მაღაზიისგან არ გამიგია, რომ რომელიმე პროდუქციის მიწოდებაზე პრობლემა შეჰქმნოდათ. ბევრი ისეთი მაღაზიაა, რომელსაც თვითონაც შემოაქვს გარკვეული პროდუქცია, ამიტომ წყვეტა არ აქვთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა პროდუქტი, რომელიც მაღაზიაში შედის სერიოზულად მოწმდება, ყველა მაღაზია იცავს იმ სანიტარულ ნორმებს რაც არის გათვლილი“,- განმარტავს ლუკა ჭელიძე.
„ქართულ მაღაზიათა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ამბობს, რომ არაქსელურ მაღაზიებში იმ 9 პროდუქტზე, რომელზეც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ფასები არ გაიზრდება, ცვალებადობა უმნიშვნელოა. თუმცა,ლარის კურსის გაუფასურების გამო სხვა პროდუქციაზე ფასები გაიზრდება.
„იმ პროდუქტებზე, რომლებიც არ შედის საქართველოს მთავრობის დაწესებულ 9 ძირითად პროდუქტში დოლარის კურსიდან გამომდინარე რა თქმა უნდა ფასები გაიზრდება. ვალუტის გაუფასურება არსებულმა კრიზისმა გამიწვია. გასაგებია, რომ კრიზისია ეკონომიკაში, უნდა მოვარგოთ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენთვის მთავარია ლარი იყოს სტაბილური, იქედან გამომდინარე, რომ ბიზნესმა შეძლოს გათვლის გაკეთება, არ შეიძლება დოლარი ლართან მიმართებით დღეს შეიძლება იყოს 3.2 ხვალ კი 3.6“, - აცხადებს ლუკა ჭელიძე.
ლუკა ჭელიძე გვიყვება, რომ არაქსელური მაღაზიებისთვის, პრობლემები „კომენდანტის საათს“ არ შეუქმნია, რადგან ეს მარკეტები არ მუშაობენ 24 საათი. უბნის მაღაზიებს პრობლემები არც გადაადგილების თვალსაზრისით შეჰქმნიათ. „ქართულ მაღაზიათა ასოციაციის“ თავმჯდომარის თქმით, ბევრი მაღაზიის მფლობელი იქ ცხოვრობს და დასაქმებული ჰყავს იმავე უბანში მცხოვრები 4-5 ადამიანი.
ლუკა ჭელიძე აცხადებს, რომ შექმნილმა სიტუაციამ გვაჩვენა, რომ ქართული პროდუქციის წარმოება და წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ „ქართულ მაღაზიათა ასოციაციამ“ მუშაობა დაიწყო იმ მიმართულებით, რომ მცირე მეწარმეებს არაქსელურ მაღაზიებში პროდუქციის შეტანაში დაეხმაროს:
„მცირე მეწარმეები, რომლებიც აწარმოე საქართველოს და USAID პროგრამის ბენეფიციარები არიან ვერ შედიან ქსელურ სუპერმარკეტებში, აქედან გამომდინარე ვიწყებთ პროექტს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის. ჩვენი ასოციაციის წევრ მაღაზიებში მოეწყობა დახლები, სადაც ამ ბენეფიციარების ქართული პროდუქტი განთავსდება. შევეცდებით მომხარებელს მაქსიმალურად დიდი რაოდენობით გავაცნოთ წარმოებული პროდუქცია, ხოლო იმ პროდუქტზე, რომელზეც იქნება მოთხოვნა მაღაზიის მესაკუთრე და მწარმოებელი შეთანხმდებიან მომავალში მაღაზიის ამ პროდუქციით მომარაგებაზე“, - განაცხდა ლუკა ჭელიძემ.
ბაჩო ადამია