პირებს, რომლებიც სარგებლობენ ორსულობისა თუ მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის გამო არაანაზღაურებადი შვებულებით საპენსიო შენატანი არ ერიცხებათ. როგორც საპენსიო სააგენტოსთვის დეპუტატ თამარ კორძაიას კითხვის პასუხად გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, „დაგროვებით პენსიის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლი განმარტავს, რომ მონაწილე დასაქმებული, რომელსაც დროებით
შეუჩერდება ხელფასის სახით თანხის მიღება, დროებით შეაჩერებს დაგროვებით საპენსიო სქემაში საპენსიო შენატანების განხორციელებას.
მონაწილე საპენსიო შენატანების განხორციელებას განაახლებს ხელფასის სახით თანხის მიღების აღდგენისთანავე. თუ მონაწილე შეწყვეტს საპენსიო შენატანების განხორციელებას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ან დროებითი ან ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო, საპენსიო აქტივები რჩება მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე კანონის შესაბამისად.
„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელითა და სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განხორციელება სავალდებულოა ხელფასის გადახდისას, დამსაქმებლის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე. შესაბამისად, თუკი ნებისმიერი მიზეზით მათ შორის ორსულობისა თუ მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის გამო საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის” 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული არაანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის გამო, დასაქმებული არ იღებს ხელფასს / შეუჩერდა ხელფასის სახით შემოსავლის მიღება, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე დასაქმებულის სახელითა და სასარგებლოს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება არ წარმოეშობა“, - აღნიშნულია თამარ კორძაიას კითხვის პასუხად საპენსიო სააგენტოს წერილში, რომელსაც საპენსიო სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია აწერს ხელს.
სააგენტოს პასუხში ასევე წერია, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მე-3 მუხლის გათვალისწინებით, დამსაქმებელის მიერ დასაქმებულის სახელითა და სასარგებლოდ საპენსიო შენატანი ხორციელდება კანონით განსაზღვრული წესითა და პირობებით, დასაქმებულის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე. - ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად, კანონის მე-2 მუხლის „ჰ“ პუნქტის თანახმად, ითვლება მომსახურების გაწევით მიღებული ის შემოსავალი, რომელიც იბეგრება გადახდის წყაროსთან, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლით გათვალისწინებული ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად (გარდა შემოსავლისა, რომელიც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, როიალტით, ქირით, იჯარით მიღებული და საინვესტიციო შემოსავლისა).