სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!" ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს კომენდანტის საათიდან დაგეგმილი გამონაკლისების შესახებ.
პლატფორმა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ნებისმიერი შეზღუდვა, ასევე მისგან გამონაკლისი დააწესოს თანასწორობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების განუხრელი დაცვით და არ შექმნას დისკრიმინაციის ახალი პრეცედენტი.
”სამოქალაქო პლატფორმა "არა-ფობიას" მიიჩნევს, რომ დაწესებული შეზღუდვიდან მხოლოდ 6 იანვრის ღამეს დაგეგმილი გამონაკლისი რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია და ხელისუფლების კიდევ ერთი განაცხადია, რომ ის არ განიხილავს რელიგიურ უმცირესობებს თანასწორუფლებიან მოქალაქეებად. ამ მხრივ, განსაკუთრებით საგანგაშოა მაია ცქიტიშვილის განცხადება, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის საპირისპიროდ (რაც მოიაზრებს უმცირესობათა უფლებების პატივისცემასა და დაცვას)[1], ცხადად მიუთითებს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს მხოლოდ უმრავლესობის პერსპექტივიდან იღებს. ახლა, როდესაც უაღრესად მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია და ყველას თანასწორუფლებიანობაზე მკაფიო ხაზგასმა, ხელისუფლება, მსგავსი განცხადებებით ადამიანებს პირველ და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ყოფს და კიდევ უფრო აღრმავებს უსამართლობის განცდას.
გასათვალისწინებელია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები აკეთებენ ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს. გაზაფხულზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მართლმადიდებლური სახელმწიფოა, რითაც ხაზი გაუსვა ერთი აღმსარებლობის უპირატესობას და უგულვებელყო სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთდამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი.
ამასთან, ხელისუფლების გადაწყვეტილებებმა და განცხადებებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა პრემიერის დაქვემდებარებაში მოქმედი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ნეგატიური როლი. სააგენტოს მანდატი პრემიერისა და მთავრობისთვის რელიგიის თავისუფლების საკითხებზე კონსულტაციას გულისხმობს, თუმცა, ამ უწყებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ რელიგიიის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობის დაცვის ნაცვლად, ხელს უწყობს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის პრივილეგიების მინიჭებას. ეს კარგად გამოჩნდა პანდემიის დროს სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებშიც.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!" მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
· იმოქმედოს სეკულარიზმის, თანასწორობის და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპების დაცვით და თანაბარი წესი გაავრცელოს ყველა რელიგიურ გაერთიანებაზე;
· გაიაზროს რელიგიის თავისუფლების მნიშვნელობა და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებამდე, კონსულტაციები გამართოს რელიგიური ორგანიზაციების ფართო სპექტრთან.”— ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი აასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მედიის განვითარები ფონდი (MDF)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
თანასწორობის მოძრაობა
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
თბილისი პრაიდი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საფარი
უფლებები საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)