„ჩვენ მივყვებოდით დაანონსებულ ორ თვიან გეგმას, ველოდებოდით, რომ ამ გეგმის მიხედვით იქნებოდა პროცესები და შეიძლებოდა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე გახსნის თარიღი უფრო ადრეც დამდგარიყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს შედეგია. იმის შემდეგ, კომუნიკაცია არ გვქონია,“ - სითი მოლის დირექტორი ლევან მესხელი რეგულაციების 1 თებერვლამდე გახანგრძლივებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ სექტორისთვის 2021 წელი ისეთივე არაპროგნოზირებადია, როგორც გასული 2020 წელი.
„ახალი წლის პერიოდში პრობლემები ნაკლებად გვქონდა ხალხის ნაკადის შეკავებაზე, რადგან პრინციპში მარტიდან მოყოლებული ამას ვაკეთებდით. სირთულეები იყო, მაგრამ მცირე პერიოდი იყო მოცემული მოსამზადებლად. ეს გახსნა შემოსავლებზე რა თქმა უნდა არანაირად არ აისახა და არც გვქონდა რამე მოლოდინი, რომ შემოსავალს მივიღებდით. ეს რამდენიმედღიანი საახალწლო გახსნა იმისთვის იყო კარგი, რომ რითეილერებს რამე მაინც გაეყიდათ - პანდემიიდან მოყოლებული მათ პრობლემები ჰქონდათ, რთულია ასე მუშაობა. რაც შეეხება რეგულაციების გახანგრძლივებას, სამწუხაროდ, არ გვქონია კომუნიკაცია. არ ვიცით როდის ვიხურებით, რატომ ვიხურებით და მომავალზე საუბარი რთულია, გაფართოების გეგმებზე საუბარი კი ზედმეტია,“ - განმარტავს ლევან მესხელი.
როგორც ცნობილია, 2021 წლის 1 თებერვლამდე საქართველოში ის რეგულაციები შენარჩუნდება, რომელიც საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსთან დაკავშირებით, 2020 წლის 18 ნოემბრიდან მიიღო. ამის შესახებ მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, 1 თებერვლამდე ბიზნესსექტორთან კონსულტაციები გაგრძელდება და ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ მოიხსნას შეზღუდვები 1 თებერვლიდან.
მარიამ მორგოშია