„ბუნებრივია, უცხოელი ვიზიტორების გარეშე წლევანდელი ფინანსური მაჩვენებელი ისეთი არ იქნება, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენდა გასაკვირად წარმატებული სეზონი მიმდინარეობს,“- ამის შესახებ „კომერსანტს“ „ლოპოტა სპა რეზორტის“ დირექტორმა გიორგი მაისურაძემ განუცხადა.
როგორც ცნობილია, დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი ოფიციალურად გაიხსნა და ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ეძლევათ ესტუმრონ საქართველოს სხვადასხვა მხარეს და ისარგებლონ სასტუმროებისა და კვების ობიექტების მომსახურებით.
„ლოპოტა სპა რეზორტმა“ პანდემიის შემდეგ პირველად 8 ივნისიდან დაიწყო სტუმრების მიღება. თუმცა, შიდა ტურიზმის გახსნასთან ერთად, როგორც სასტუმრო კომპლექსის დირექტორი გიორგი მაისურაძე აღნიშნავს, დასვენების მსურველი ადგილობრივების რაოდენობამაც საგრძნობლად იმატა.
„საკმაოდ ბევრი ხალხი მოდის ლოპოტაზე და ჯავშნებიც ბევრი გვაქვს, ნამდვილად არ ველოდით ასეთ აქტიურობას. ხალხი მოწადინებულია კარგი დასვენებისთვის და ამისთვის ჩვენ გარკვეული ფასდაკლებებიც შევთავაზეთ - გვაქვს 3 დღიანი თუ 5 დღიანი მომსახურების პაკეტები. წინა წლის იმავე პერიოდს თუ შევადარებთ ჩვენთან ფასები 30 პროცენტით დაბალია. რაც შეეხება უცხოელ ტურისტებს, ვფიქრობთ, რომ როცა გარემო შეიცვლება და პანდემიის გავრცელების რისკი აღარ იქნება, ფრენებიც აღდგება და უცხოელებიც აქტიურად იმოგზაურებენ საქართველოში,“- აღნიშნა გიორგი მაისურაძემ.
„ლოპოტა სპა რეზორტი ბაზარზე“ 2006 წლიდან გამოჩნდა. ესაა დასასვენებელი კომპლექსი კახეთში, ლოპოტას ტბასთან ახლოს, რომელიც რეგიონში ერთერთი პირველი რეზორტული ტიპის სასტუმრო კომპლექსია .
მარიამ მორგოშია