რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში "ბიზნესმენის დილა" აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის Grant Thornton Georgia-ს პარტნიორმა პაატა შურღაიამ, იმ გამოწვევებისა და სირთულეების შესახებ ისაუბრა,რომლის წინაშეც დღეს საქართველოა. პაატა შურღაიას თქმით, მნიშვნელოვანია,რომ სახელმწიფომ კორონავირუსის პანდემიის ჩავლის შემდეგ, ეკონომიკისა და ბიზნესის მხარდაჭერის კვალდაკვალ,ტექნოლოგიური მიმართულებით ქვეყნის განვითარების გზებზე იფიქროს.
"ბიზნესაა და ეკონომიკას ვქმნით თითოეული ინდივიდი. მათი გადარჩენა დამოკიდებულია ჩვენზე, ვინაიდან,როგორც სოციალური დისტანცირებისა და სხვა მოწოდებულ წესებს ვიცავთ, ასევე უნდა გავიაზროთ,რომ ბიზნესი და ეკონომიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს განწყობებთან და მოლოდინებთან.
დისტანციური რეჟიმი ჩვენი რეალობისთვის იყო უჩვეულო, ადაპტაციის მომენტი რთული აღმოჩნდა, ჩვენი ქვეყანა ტექნოლოგიურად არ არის მზად. ეს გამოწვევა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის,რომ გავიაზროთ, რისი განვითარება გვსურს.როდესაც ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით, უნდა გადაიხედოს რიგი საკითხები, მათ შორის ის,რომ არ უნდა დავუბრუნდეთ საქონლის წარმოებისა და მიწოდების ტრადიციულ გზებს. ჩვენთვის ეს გამოწვევა უნდა იყოს გაკვეთილი.შეუძლებელია წინასწარ განვჭვრიტოთ რა იქნება მომავალში.
ბიზნესის კუთხით უნდა იყოს მობილიზება, სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება უნდა გამოვრიცხოთ. ჭრილობის გაღვივება როცა მიმდინარეობს, არ შეიძლება სტრატეგიული გადაწყვეტილებებსა და მიდგომებზე საუბარი, ეს ეხება,როგორც ლოკალურ დონეზე, ისე მაკრო სახელმწიფოს დონეზე. არ უნდა მოვთხოვოთ ახლა სახელმწიფოს ბიზნესისა და ეკონომიკის კუთხით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება.რთულია სცენარების განხილვა, ჭრილობის მოშუშების შემდეგ უნდა გადავიდეთ დისკუსიაზე. მთავარია, რომ პანიკა გამოვრიცხოთ, მოლოდინები არ უნდა იყოს ნეგატიური. ახლა შოკის გაღვივების ეტაპზე ვართ, როცა კი ჩაქრობის ეტაპზე ვიქნებით, მერე უნდა მივიღოთ გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებები“,- ამბობს პაატა შურღაია.
მოამზადა ნათია კეკენაძემ