კორპორაცია Apple-მა თავისი მაღაზიიდან App Store აპლიკაცია Unjected წაშალა, რომელიც ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებისთვის არის განკუთვნილი. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
Apple-ში განაცხადეს, რომ Unjected-ი კორპორაციის კორონავირუსის შესახებ ინფორმირების წესებს არღვევს.
Google Play-ში აპლიკაცია ამ დრომდე ხელმისაწვდომია, თუმცა 16 ივლისს Google-ში განაცხადეს, რომ Unjected-ს ორ კვირაში წაშლიან, თუ აპლიკაციის ავტორები მომხმარებლების კონტენტის მოდერაციას არ გააუმჯობესებენ. კერძოდ, Google-ში არასანდოდ მიაჩნიათ მომხმარებლების შეტყობინებები იმის შესახებ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები „ბიოლოგიური იარაღია“, რომელიც „ნანოტექნოლოგიურ მიკროჩიპებს შეიცავს“.
Unjected-ი ჰავაის ორმა მცხოვრებმა 2021 წლის მაისში შექმნა. მათი თქმით, სერვისი „თანამოაზრეთა თანამეგობრობაა, რომლებიც მხარს უჭერენ სამედიცინო ავტონომიას და სიტყვის თავისუფლებას“. აპლიკაცია 18 ათასჯერ არის გადმოწერილი.
imedinews.ge