პენტაგონმა სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისში შესვლისთვის სრულ მზადყოფნაში მოიყვანა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ს სამმა წყარომ დაუდასტურა.
სააგენტოს ცნობით, მზადყოფნაშია სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები ჩრდილოეთ კაროლინასა და ნიუ-იორკში. მზადყოფნაში მოყვანა ნიშნავს, რომ ბრძანების მიღებიდან 4 საათის განმავლობაში სამხედროებმა ქალაქი უნდა დაიკავონ. ანალოგიური ბრძანება კოლორადოსა და კანზასის შტატებში დისლოცირებულმა სამხედროებმა მიიღეს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მინეაპოლისში 24 საათის განმავლობაში შევლენ.
პენტაგონის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, შესაბამისი ბრძანებები უწყების ხელმძღვანელობამ მას შემდეგ გამოსცა, რაც თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა დონალდ ტრამპს რეაგირების შესაძლო ვარიანტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელი მუხლს აჭერს ყელზე 46 წლის აფროამერიკელს, ხოლო დაკავებული ხრიალებს და ითხოვს, სუნთქვის საშუალება მისცენ.
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს.
Imedinews