„ჩვენ, მცირე მეწარმეებიც გთხოვთ, დაგვეხმარეთ სურვილების ახდენაში“, - ასეთი შეტყობინება დატოვა სულ ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა გორელმა მეწარმემ თეო გელაძემ სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“-ს Facebook-გვერდზე. იგი მცირე სამკერვალოს ფლობს, რომელიც საოჯახო ტიპისაა. გაფართოების შემთხვევაში თეო გელაძე აპირებს, რომ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს სრულიად უსასყიდლოდ და დასაქმების პერსპექტივით ასწავლოს ხელსაქმე - კერვა, თუმცა ფინანსური მდგომარეობის გამო მიზანს ჯერჯერობით ვერ მიაღწია.
,,შეზღუდული ფინანსური რესურსისა და არასაკმარისი ტექნიკის გამო გაფართოებას ვერ ვახერხებთ. ამ ეტაპზე მთლიანად საკუთარი ძალებით ვმუშაობთ, გვჭირდება მხარდაჭერა, რასაც ჯერჯერობით ვერ ვაღწევთ. სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ ერთადერთი ორგანიზაციაა, ვისაც მივმართეთ. წარვადგინეთ ძალიან კარგი პროექტი, მაგრამ განაცხადი არ დაკმაყოფილდა. ამჟამად მთელი ნამუშევრები იქმნება 1 საკერავი მანქანით, რაც არასაკმარისია. ტექნიკა მოძველებულია და ხელს გვიშლის, რომ სტანდარტი სრულად დავიცვათ. რაც შეეხება აქსესუარებს, მთლიანად ხელით სრულდება სამუშაო, ამ საქმით დედა და ჩემი დები არიან დაკავებული. როგორც ჩანს, მცირე მეწარმეობის განვითარების მხრივ დიდი პრობლემაა ქვეყანაში. ხელშეწყობა ნამდვილად გვჭირდება, რომ ფეხზე დავდგეთ, გავფართოვდეთ და სხვებსაც შევუწყოთ ხელი, ისწავლონ ხელსაქმე. ამის შესახებ ჩემს პროექტშიც აღვნიშნე. ჩემი მიზანია ადგილობრივი ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ვასწავლო კერვა და ადგილზევე დავასაქმო. სოციალური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღეთ, მაგრამ მწირი ბიუჯეტის პირობებში ამის განხორციელება ჩვენს ძალებს აღემატება“, - ამბობს ახალგაზრდა მეწარმე ,,კომერსანტთან“.
გარდა სამკერვალოს გაფართოებისა, თეო გელაძის მიზანია, ჰქონდეს მცირე მაღაზია, სადაც ბრენდი Ansada გაიყიდება, როგორც სამოსი, ასევე ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები, რისთვისაც იგი სპონსორს ეძებს.
,,ბევრს არაფერს ვითხოვ, თუ იქნება საშუალება, 2 საკერავი და 1 საქარგი მანქანა დამემატოს, რათა შევძლო უფასო ჭრა-კერვის კურსის გახსნა და ვისაც საშუალება არ აქვს, ხელსაქმე ვასწავლოთ. თავის დროზე, სანამ მცირე სამკერვალოს გავხსნიდით და საკუთარ ბრენდს შევქმნიდით, ბევრი სირთულის დაძლევა მოგვიხდა. ამ ყველაფერს გავუმკლავდით, მაგრამ დასახულ მიზნამდე მხოლოდ ენთუზიაზმი ვერ მიგვიყვანს, შესაბამისი სტრუქტურების ან ორგანიზაციების დახმარება გვჭირდება, მერე საკუთარ თავს მივხედავთ და სხვებსაც დავეხმარებით, ვისაც რეალურად სჭირდება მხარდაჭერა“, - ამბობს თეო გელაძე.
ამ ეტაპზე სოციალური ქსელი Facebook მცირე მეწარმისთვის ერთადერთი ადგილია, სადაც გელაძეების ნამუშევრების შეძენა შეიძლება. როგორ მცირე მეწარმე ,,კომერსანტთან“ ამბობს, მომხმარებლების წრე თანდათან ფართოვდება, შესაბამისად, მატულობს შეკვეთების რიცხვიც და საწარმოს ჰაერივით სჭირდება გაფართოება, რასაც სპონსორების გარეშე ვერ მოახერხებს.
ტექნიკის შესაძენად 10 000 ლარი ის მინიმალური თანხაა, რომელიც საოჯახო სამკერვალოს ამ ეტაპზე სჭირდება.
თეო გელაძე ირწმუნება, რომ ბრენდი Ansada ახალი გამოწვევებისთვის მზადაა.
მარი ჩიტაია