სამწუხაროა, რომ ჩვენ გვყავს ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში იმყოფებიან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობას“ ახლა, ოპოზიციაში ყოფნის დროს ტყვეობაში ჰყავს და ანადგურებს ამ ოპოზიციურ ჯგუფებს.
„იმედგაცრუებულია იმ პატარა და ახალგაზრდა პარტიების მხარდამჭერი, ვინც მართლაც გულწრფელად დაუჭირა მხარი ამ პარტიებს და მიანდო მათ მანდატი, რომ ყოფილიყვნენ მათი ხმა პარლამენტში. ისინი იმედგაცრუებული არიან, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ მათ მხარი დაუჭირეს „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის უპასუხისმგებლო ოპოზიციური ჯგუფების დღის წესრიგი, რომლებიც არაფრად აგდებენ საკუთარ ამომრჩეველს. პატივს არ სცემენ ქვეყნის დემოკრატიას, პატივს არ სცემენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც როგორც ნეიტრალური, ობიექტური დამკვირვებლები აფასებენ არჩევნებს, როგორც ლეგიტიმურ, როგორც კონკურენტულსა და მთლიანობაში მოუწოდებენ, შევიდნენ პარლამენტში. ჩვენ ვართ მმართველი ძალა, როგორც პასუხისმგებლიანი ძალა, ვიღებთ პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე. ჩვენ ჩვენს საზოგადოებას გასაჭირში ვერ მივატოვებთ განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქვეყანაში გვაქვს მძიმე გამოწვევა პანდემიასთან დაკავშირებით. მათ მიატოვეს მათი ამომრჩევლები. ჩვენ არა მხოლოდ მათ ამომრჩეველს არ მივატოვებთ, ვიზრუნებთ მათ ამომრჩეველზე, რომ მათი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება იყოს დაცული, განსაკუთრებით ამ პანდემიის ფარგლებში. ვიზრუნებთ ეკონომიკის განვითარებაზე, მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე. ეს არის ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
imedinews.ge