გერმანია ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობით ძალიან შეშფოთებულია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
„გერმანიის მთავრობა, სხვებთან ერთად, ითხოვს, რომ ალექსეი ნავალნიმ სათანადო სამედიცინო მკურნალობა მიიღოს“, - აღნიშნა კანცლერმა.
მან უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამან „საგანგაშოდ დაძაბული მდგომარეობა“ შექმნა.
პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის ექიმმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მესამე კვირაში სწრაფად უარესდება და ის, შესაძლოა, სიკვდილის პირას აღმოჩნდეს.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა გუშინ განაცხადა, რომ ექიმებმა ნავალნის ვლადიმირის საოლქო საავადმყოფოს სტაციონარულ განყოფილებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
IPN.GE