ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი მოსახლეობას მოუწოდებს, სიმშვიდე შეინარჩუნონ და პანიკაში არ ჩაცვივდნენ.
„ძვირფასო თანამოქალაქეებო, სამწუხაროდ, „კოვიდ 19“-მა ჩვენს სამხრეთ ოსეთს გვერდი არ აუარა. გატარებული ღონისძიებების შედეგად კარანტინში მყოფ პირებს ვირუსი დაუდასტურდათ. ჩემი დიდი თხოვნაა, ყველაზე მნიშვნელოვანია, პანიკას არ მიეცეთ,“- წერს ბიბილოვი სოციალუ ქსელ „ფეისბუქში“.
„ერთად ყველა პრობლემას დავძლევთ, ყველა საკითხს გადავჭრით. მთავარია ერთად ვიყოთ, ერთმანეთს მხარში დავუდგეთ, არ დავპანიკდეთ, არამედ გავუფრთხილდეთ საკუთარ თავებსა და ახლობლებს,“- წერს ბიბილოვი.
შეგახსენებთ, ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი სამხედრო სასწავლებლის 14 წლის კურსანტს, ასევე დედასა და მის 6 წლის შვილს დაუდასტურდათ. შექმნილი სიტუაციის გამო, დე-ფაქტო ხელისუფლებამ 10-დან 17 მაისამდე პერიოდში რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
ipn.ge