გრძელვადიან პერიოდში ელექტროეენერგიაზე მოთხოვნის ზრდას ველოდებით. თუ ეკონომიკა გვინდა რომ განვითარდეს, გაიზრდება ელექტროენერგიაზე მოთხოვნა. ზრდა სავარაუდოდ 5%-ი იქნება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „გალტ & თაგარტის“ ანალიტიკოსმა მარიამ ჩახვაშვილმა განაცხდა.
რაც შეეხება სტრატეგიის გლობალურად გადახედვას, ანალიტიკოსის შეფასებით, ენერგეტიკული მოთხოვნა თვითონ პროდუქტზე არ დაიკლებს. „მითუმეტეს, 2021 წლიდან გააქტიურდება ეკონომიკა და შევეცდებით, რომ ეს ერთწლიანი ჩავარდნა როგორმე ამოვქაჩოთ. ამას მოჰყვება ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა. მეორე მხრივ ამ კოვიდვირუსმა შესაძლებლობა მოგვცა რომ ენერგეტიკას შევხედოთ, როგორც სტრატეგიულ დარგს, სადაც მოხდება ინვესტიციების მოზიდვა“, - აღნიშნა მარიამ ჩახვაშვილმა.
ანალიტიკოსმა გადაცემაში, ენერგობაზრის 2020 წლის ტენდენციებზეც ილაპარაკა. „2020 წელს ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა. ისევე როგორც გაჩერებულია რიგი ეკონომიკის სექტორები. მაგალითად, აპრილში, „თელასის“ და „ენერგო-პროს“ მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს არის ძირითადად იმ კომპანიების ხარჯზე, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო გაჩერდნენ. 2020 წელს ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით ელექტროენერგიის მოხმარება 1%-ით უნდა შემცირდეს. ჩვენ ველოდებით, რომ მოხმარების შემცირება შესაძლოა 3-4% იყოს. მაისის ჩათვლით, გაგრძელდება კლება, ხოლო შემდეგ შემცირდება. აგვისტოდან კი ზრდა გვექნება ელექტროენერგიის მოხმარების კუთხით“, - აღნიშნა ჩახვაშვილმა.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებთ, 2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 7.8%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 626.5 მილიონი კვტ.სთ შეადგინა.
გასულ წელს საქართველო, საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიას რუსეთიდან (524.5 მლნ კვტ.სთ) და აზერბაიჯანიდან (1102.0 მლნ კვტ.სთ) იღებდა. კერძოდ, გასულ წელს რუსეთიდან იმპორტი ზრდამ 153% შეადგინა, აზერბაიჯანიდან კი პირიქით, 10%-ით შემცირდა.
შემცირებულია ექსპორტიც - 2018 წელთან შედარებით, გასულ წელს საქართველოდან თითქმის 59%-ით ნაკლები ელექტროენერგია (243.4 მლნ კვტ.სთ) გაიყიდა.
imedinews.ge