ანაკლიის პორტი - ლოგიკური დასასრული

ანაკლიის პორტი - ლოგიკური დასასრული

access_time2020-01-10 20:00:39

მთავრობამ ხელშეკრულება შეუწყვიტა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“. მიზეზად ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა. ოპოზიციის მსგავსად, ასეთ დასასრულს უკვე დიდი ხანია ელოდნენ ანალიტიკოსებიც. ეს მოლოდინი გაჩნდა მაშინვე, როცა „TBC ჯგუფის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ „ფულის გათეთრების“ ბრალდება გახმაურდა.


პროგნოზები გამართლდა


ერთი წლის წინ, როდესაც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (11 წლის წინანდელი ტრანზაქციის გამო) „ფულის გათეთრებაში“ დაედოთ ბრალი, ანალიტიკოსები რადიო თავისუფლებას ეუბნებოდნენ, რომ ეს საქმე აუცილებლად დააზარალებდა ანაკლიის პორტის მშენებლობას.


კეთდებოდა პროგნოზები იმასთან დაკავშირებით, რომ ინვესტორები დაფრთხებოდნენ, კონსორციუმი ვეღარ მოახერხებდა ვალდებულებების შესრულებას და ხელისუფლება ამ მიზეზით გაწევდა გვერდზე კონსორციუმის თავდაპირველ დამფუძნებელს - მამუკა ხაზარაძეს.


სისხლის სამართლებრივ დევნას თავიდანვე ანაკლიის პორტთან აკავშირებდა თავად მამუკა ხაზარაძეც.


2019 წლის 9 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოაცხადა, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ე.წ. ფულის გათეთრების) ფაქტზე მიმდინარეობს;


2020 წლის 9 იანვარს მთავრობამ გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება უწყდება.


ეს არის ლოგიკური დასასრული ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებისა - უთხრა რადიო თავისუფლებას „Forbes Georgia“-ს მთავარმა რედაქტორმა, გიორგი ისაკაძემ. მისთვის ცხადია, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულების შეცვლა ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილს უკავშირდება.


„სად იყო სახელმწიფო მაშინ? ფულის გათეთრებით დაკავებულ კაცს ანდეს ანაკლიის პროექტი (2016 წელს, როდესაც კონსორციუმმა მოიგო ტენდერი)? ... მაგრამ მამუკა ხაზარაძე სხვა სუბიექტური მიზეზების გამო გახდა მიუღებელი (ხელისუფლებისთვის)... ხელშეწყობა დასრულდა 2018 წლიდან და დასრულდა კონკრეტულ პირებთან ერთად, როდესაც დასრულდა დამოკიდებულება მათ შორის - ამ პროექტთან დაკავშირებით... მე გიორგი კვირიკაშვილს ვგულისხმობ“, - ამბობს ისაკაძე.


„Forbes Georgia“-ს მთავარი რედაქტორი ფიქრობს, რომ კონსორციუმის ხელის შეშლით, პირველ რიგში, ქვეყანა დაზარალდა, რადგან, ვინ იცის, როდის და რა ბედი ეწევა ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანეს მეგა პროექტს.


ივანიშვილი, ამერიკა, რუსეთი


ანაკლიის პორტის კონტექსტში გაკეთებულ კომენტარებში არცთუ იშვიათ ფიგურირებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ოპონენტები დროისა და ფაქტების საეჭვო დამთხვევებითაც მსჯელობენ:


„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ პორტის აშენების ტენდერში 2016 წელს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის დროს გაიმარჯვა;


გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 2018 წლის ივნისში გადადგა და მიზეზად მმართველ გუნდთან შეუთანხმებლობა დასახელდა;


ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში 2018 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა კვირიკაშვილის მისამართით მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებით;


ივანიშვილი ასევე მკვეთრად ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებდა „თიბისი ბანკს“, ხოლო მამუკა ხაზარაძე უმადურად გამოჰყავდა;


„TBC ჯგუფის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ 11 წლის წინანდელი საქმის გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობა და ხელის შეშლა 2018 წლის შემოდგომიდან იგრძნობოდა.



ბიძინა ივანიშვილმა კონსორციუმი მიზანში მეტწილად „პრივატული და პოლიტიკური ეჭვიანობის“ გამო ამოიღო - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.


„კონსორციუმის ჩაძირვის გადაწყვეტილება ერთი წლის წინ გამოიკვეთა... მამუკა ხაზარაძე კატეგორიულად მიუღებელი იყო ბიძინა ივანიშვილისთვის. მან იეჭვიანა პირველ ეტაპზე გიორგი კვირიკაშვილთან მიმართებით და შემდეგ ამერიკელებთან ურთიერთობებზე ... მას არ მოსწონდა, რომ ამერიკელები დიდ სტრატეგიულ გეგმებთან დაკავშირებით ელაპარაკებოდნენ არა მას, არამედ მამუკა ხაზარაძეს“.


ხუხაშვილი ასევე ამბობს, რომ ანაკლიის პროექტის შემდგომი ბედი ივანიშვილის „ვაჭრობის შედეგებზე“ იქნება დამოკიდებული.


„ბიძინა ივანიშვილი ამ პროექტში ხედავს გარკვეულ პოლიტიკურ ინსტრუმენტს დიდი პოლიტიკური ვაჭრობისათვის“;


„მას შეუძლია, რომ ამ თემით ივაჭროს როგორც ამერიკულ მხარესთან, ასევე რუსულ მხარესთან - ერთს უნდა პროექტის განხორციელება, მეორეს არ უნდა“;„ამერიკელებისგან მან შეიძლება მოითხოვოს გრძელვადიანი პოლიტიკური გარანტიები... მაგრამ ამერიკელები ასეთ გარანტიებს, მით უმეტეს - ჩრდილოვან ავტორიტარებს, არ აძლევენ“.


„ის, რომ თითქოს ჩვენ ვერ შევასრულეთ პირობები, სრული სიცრუეა. რუსეთიდან არის დავალება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა მეთოდით გააჩეროს ანაკლიის პროექტი. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა კანონიერ გზას, რომ დავიცვათ ამ პროექტში ჩადებული უცხოური ინვესტიციები“, - განაცხადა კონსორციუმის თავდაპირველმა დამფუძნებელმა, აწ უკვე პოლიტიკაში წასულმა მამუკა ხაზარაძემ. „ლელოს“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ანაკლიას მაინც ააშენებენ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.


9 იანვარს, როდესაც კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება გამოცხადდა, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ მთავრობა ახალ ტენდერს გამოაცხადებს და ამერიკული, დასავლური ინვესტიცია კვლავაც პრიორიტეტად რჩება.


ჩვენთვის პირველ რიგში არის და იქნებოდა სასურველი ამერიკელი და დასავლელი ინვესტორი. ჩვენთვის, ბუნებრივია, ვერ იქნება მისაღები ისეთი ინვესტორი, რომელიც შეიძლება იყოს შეუთავსებელი ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებთან, როდესაც ვსაუბრობთ არა მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტზე, არამედ ობიექტზე, რომელიც განთავსებულია შავ ზღვაზე და უსაფრთხოების კომპონენტებით ხასიათდება. გამორიცხული იქნება ისეთი ინვესტორი, რომელიც შეუთავსებელი იქნება ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებთან, რადგან პორტს აქვს არა მხოლოდ ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების განზომილებაც“, - განაცხადა მან.


რას ამბობს ხელისუფლება კონსორციუმზე?


„მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დაიწყოს პროცედურები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა 9 იანვარს გამართულ ბრიფინგზე და დააკონკრეტა, რომ კონსორციუმმა ვერ შეასრულა 2016 წლის 3 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.


ცქიტიშვილის თქმით, კონსორციუმმა ვერ შეძლო:


120 მილიონი დოლარით საკუთარი კაპიტალის შევსება;
საერთაშორისო ბანკებიდან 400 მილიონი დოლარის ოდენობით სესხის მიღება;
პორტის კომერციულ ოპერატორთან ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება;
პორტის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება;
20 მილიონი დოლარის ოდენობით წინასამშენებლო გარანტიის წარმოდგენა;
40 მილიონი დოლარის ოდენობის სამშენებლო გარანტიის წარმოდგენა;
რეალური ინვესტორის წარმოდგენა;


პროექტის შემდგომი განხორციელების რეალისტური გეგმის წარმოდგენა.


„ამ საინვესტიციო ხელშეკრულების შედეგად, ჩვენ 2020 წლის ბოლოსთვის უკვე უნდა გვქონოდა პორტი ოპერირებაში... როგორც ხედავთ, ჩვენ ეს შედეგი ვერ მივიღეთ და ამ შედეგის შესრულების რეალური პერსპექტივაც არ ჩანს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.


მისი თქმით, 2017 წლის აგვისტოს შემდეგ, კონსორციუმს ვალდებულებები რამდენჯერმე გადაუვადდა და მთავრობა ყოველმხრივ უჭერდა მას მხარს; ამიტომ მთავრობა დავის საარბიტრაჟო სასამართლოში გაგრძელების საფუძველს ვერ ხედავს.


ანაკლიის პორტი აუცილებლად რომ აშენდება, ამის პირობა 9 იანვარს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამაც დადო - „პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის“.


თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტს კარგა ხნის განმავლობაში, და მით უმეტეს - 2020 წლის დაძაბული არჩევნების მოლოდინში, ავტორიტეტიანი ინვესტორები არ გაეკარებიან.


რას ამბობს კონსორციუმი?


„მთავრობამ კიდევ ერთი უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო“, - ასეთია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის პოზიცია.


ლევან ახვლედიანი თავს არიდებს მთავრობის მიზნების შეფასებას, თუმცა ამბობს, რომ ხელისუფლება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ აშკარად უფრთხობდა ინვესტორებს, არ თანამშრომლობდა დაინტერესებულ კომპანიებთან და ეს ყველა ფაქტი ჟენევის საარბიტრაჟო სასამართლოსაც წარედგინება.


ახვლედიანი ამბობს, რომ მთავრობამ ინვესტორებს „ელემენტარული კომფორტიც“ არ შეუქმნა და არც იმგვარ დათმობებზე წავიდა, რაც ბუნებრივად ხდება ხოლმე საჭირო კერძო/სახელმწიფო პროექტების განხორციელებისას.


ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგადად მთავრობის მოტივაციას ამ პროექტთან მიმართებაში და აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ამ პროექტის ბედს, - განაცხადა ახვლედიანმა.


შესაბამისად, გენერალური დირექტორის თქმით, ვერ მიიღებს ბრალდებას, რომ კონსორციუმმა ვალდებულებები ვერ შეასრულა მაშინ, როცა ანაკლიაში უკვე 75 მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული და პროცესში უზარმაზარი შრომაა ჩადებული.



რადიო „თავისუფლება“







პროკრედიტ ბანკმა საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა

პროკრედიტ ბანკმა  საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა
access_time2020-07-02 10:40:14
პროკრედიტ ბანკმა მორიგი ინოვაციური მწვანე პროექტი დანერგა. თბილისის ცენტრში, ალექსანდრე ყაზბეგის #21, ბანკის სათაო ოფისის სახურავზე 500 კვ.მ ტერიტორიაზე განთავსებულმა მზის პანელებმა ელექტროენერგიის გამომუშავება უკვე დაიწყო.  განხორციელებული მწვანე ინვესტიციის შედეგად, დაგეგმილია წლიურად 130,000კვტ.სთ. სუფთა ენერგიის გამომუშავება, რითაც ბანკი მოხმარებული სრული ენერგიის 12%-ის ალერნატიულით  ჩანაცვლებას მოახდენს.   პროექტის ფარგლებში,...

წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი

წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი
access_time2020-07-02 10:25:38
„საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში მაკა ასათიანის და მისი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ამასთან დაკავშირებით, მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩემი და ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ვფიქრობ, ეს მრავალწლიანი დავა...

Wizzair-ი ქუთაისის გარდა სხვა ბაზის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

Wizzair-ი ქუთაისის გარდა სხვა ბაზის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
access_time2020-07-01 16:45:56
უნგრული დაბალბიუჯეტური კომპანია Wizzair-ი ქუთაისის ბაზის მუშაობას დროებით აჩერებს - ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმღვანელმა ანდრაშ რადომ დაადასტურა. მანვე აღნიშნა, რომ ბაზის აღდგენის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. „ჩვენ დროებით შევწყვიტეთ ქუთაისის ბაზის ფუნქციონირება, ჩვენ არ ვაუქმებთ ქუთაისის ბაზას. ამ დროისთვის სამომავლო გეგმების დაკონკრეტება რთული იქნება.  შევხედავთ გლობალურ სიტუაციას და ამის მერე მივიღებთ...

„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი იაშვილი

„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი იაშვილი
access_time2020-07-02 10:00:33
„საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით საკითხი დგას ისე, რომ წამგებიანია და ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს, რაც ასე არ არის, ბიუჯეტი არაფერს არ აძლევს, უნდა მოხდეს რეორგანიზება და სამართლებრივად სწორი ფორმა მიიღოს. დღეს არის არამოქნილი, რადგან სამეთვალყურეო საბჭოში მინისტრები არიან და გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, ამიტომ გაუგებარი სიტუაციაა. ეს თუ არ გამოჯანსაღდა, ფონდი ვერც პროექტებს ვერ გააჯანსაღებს. ასე ხელაღებით იმის თქმა, როგორც სჩვევიათ ხოლმე, რომ უნდა გავაუქმოთ და არ არის საჭირო ორგანიზაცია,...

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-01 15:10:06
2020 წლის 1 ივლისიდან, კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ავტოგასამართი სადგურების ქსელში აგროდიზელის ფასმა 1,36 ლარი შეადგინა. აღნიშნული ფასი ქსელში, სავარაუდოდ, 10 ივლისამდე შენარჩუნდება. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ განმარტავს, რომ აგროდიზელის ფასის 20 თეთრით გაძვირების მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდაა. კერძოდ, 2020 წლის ივნისის საშუალო საერთაშორისო ფასი ბაზარზე (პლაცი) არის 77%-ით მეტი 2020 წლის აპრილის საშუალო ფასთან შედარებით და 40% მეტი, ვიდრე 2020 წლის...


მსგავსი სიახლეები

up