პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმის გადარჩენის ერთადერთი გზა შიდა ტურიზმია. საქართველოს მთავრობა ცდილობს მოსახლეობას ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან ერთად სხვადასხვა საინტერესო ტურისტულ პროდუქტები და აქტივობები შესთავაზოს. წლების შემდეგ ტურიზმის ინდუსტრია დღეს საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული. სასტუმროებისთვის, კვების ობიექტებისთვის, გიდებისთვის, სატრანსპორტო კომპანიებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ვინ, სად დაისვენებს.
სტუმრების მოლოდინში არიან ანაკლიაშიც, შავიზღვისპირეთში, პესიმისტური მოლოდინები არ აქვთ. როგორც „კომერსანტს„ სასტუმრო „ანაკლიაში“ განუცხადეს სტუმრების მატებას 15 ივლისიდან ელოდებიან. სასტუმროს მენეჯერი ლევან ჩხიკვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიამდე სასტუმრო უცხოელ სტუმრებზე იყო დამოკიდებული, თუმცა, იმედი აქვთ, რომ აქტიური მარკეტინგული კამპანიით უცხოელ სტუმრებს ქართველები ჩაანაცვლებენ.
„იქედან გამომდინარე, რომ ქართველები საზღვარგარეთ სამოგზაუროდ ვეღარ მიდიან, უწევთ საქართველოში დაისვენონ, შესაბამისად ის, რომ სხვა ქვეყნის ტურისტი ვერ შემოდის დააბალანსა შიდა ტურიზმმა. ჩვენი სტუმრების უმეტესობა სომხები იყვნენ, გვყავდნენ რუსები, უკრაინელები. ქართველებს წილობრივად 20 პროცენტი ეჭირა, ძირითადად უცხოელ სტუმრებზე ვიყავით დამოკიდებულები. ანაკლიას სომხეთში უფრო იცნობენ ვიდრე საქართველოში, ბევრი ქართველი ანაკლიაში საერთოდ არაა ნამყოფი, არც იცის რა ხდება აქ. ვისაც უკვე მოსწყინდა ქობულეთი, ის ადამიანები ანაკლიაში ისვენებენ“, - აცხადებს ლევან ჩხიკვაძე.
სასტუმროს მენეჯერი ვერ ასახელებს ზარალის ოდენობას, თუმცა აცხადებს, რომ ობიექტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. „ანაკლიას“ მენეჯერი განმარტავს, რომ ახლა ბიზნესის გადასარჩენად იბრძვიან:
„კორონავირუსის გავლენა ჩვენ სასტუმროზე ძალინ ცუდი იყო, მარტიდან გაჩერებულები ვიყავით და რა თქმა უნდა ზარალი ძალიან დიდია. პირველი სტუმრები 16 ივნისს მივიღეთ, ფასები ნორმალური გვაქვს და ადამიანების ინტერესი დიდია, ამ ეტაპზე სასტუმროს დატვირთვა 40 პროცენტია. განთავსების ღირებულება თითქმის განახევრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ შემოსავლები განახევრდა. პირველ რიგში დღეს ჩვენი მიზანია, რომ ბიზნესი გადარჩეს და დავალიანებები, რომელიც დაგვიგროვდა ამ თვეების მანძილზე ნელ-ნელა გავისტუმროთ. ჩვენს სასტუმროს არასდროს აკლდა დამსვენებელი. დასასვენებლად ძირითადად ოჯახებით ჩამოდიოდნენ, მათ იცოდნენ, რომ ეს არის წყნარი ადგილი, ყოველ კუთხეში მუსიკა არ ისმის და ძალიან ბევრი ადამიანი ერთმანეთში არ ირევა, ჩვენი ნიშა გვაქვს ასე რომ ვთქვათ“, - განაცხადა ლევან ჩხიკვაძემ.
ბაჩო ადამია