ანა დოლიძის საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყება.
როგორც გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ განაცხადა, მან გამოძიებას დეტალურად მოუთხო წერეთლის გამზირი N105-ში მომხდარი ინციდენტის შესახებ და დაასახელა ის პირები, ვინც შესაძლოა გამოძიებას ჭეშმარიტების დადგენაში დაეხმაროს.
ანა დოლიძის თქმით, სამართალდამცველებმა მას განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყება, რომლის კვალიფიკაცია გამოძიების პროცესში შესაძლოა შეიცვალოს.
მისივე განცხადებით, ინციდენტის ვიდეო ჩანაწერს იგი სამართალდამცველებს ხვალ, ხელახალი გამოკითხვისას წარუდგენს.
13 აგვისტოს, წერეთლის N105-ში საარჩევნო კამპანიის დროს ანა დოლიძეს, მის გუნდსა და ამომრჩევლებს ადამიანების ჯგუფმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულის გამო მან საგამოძიებო ორგანოს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.