„პატრიოტთა ალიანსთან“ და მის დაფინანსებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან გრძელდება შერჩევითი დამოკიდებულება“ - ასე შეაფასა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ „ქართული ოცნების“ სპიკერის გია ვოლსკის განცხადება.
ვოლსკის თქმით, “პატრიოტთა ალიანსის” არჩევნებიდან “ფურცლის” გამო მოხსნა არასერიოზულია.
„ჩემი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთში გია ვოლსკი აჟღერებს იმ დამოკიდებულებას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს ჩვენი საზოგადოებისადმი, ანუ ორმაგი სტანდარტი, სადაც გარკვეული კლასტერები სრული პრივილეგიით სარგებლობენ. „პატრიოტთა ალიანსთან“ და მის დაფინანსებასთან დაკავშირებით ვლინდება ისევ და ისევ ის ორი კლასტერი, რომელიც ჰყავს ხელისუფლებას. ჩვეულებრივ ადამიანებთან დაკავშირებით ხელისუფლებას შეუძლია თუნდაც ერთი ლარის გამო დაუბლოკოს ანგარიში, დაუყადაღოს ქონება და მთლიანად გაუჩეროს ცხოვრება. მაგრამ, როდესაც პრივილეგირებულ ჯგუფებს ეხება საქმე, ამ შემთხვევაში „პატრიოტთა ალიანსს“, მისი ფინანსური სურათი და ბრუნვა მმართველ გუნდს არ აინტერესებს. შესაბამისად, გრძელდება შერჩევითი დამოკიდებულება ამ ორი ჯგუფის მიმართ, ეს იქნება ბიზნეს ჯგუფი თუ პოლიტიკური პარტიები,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.