ქართული ოცნების პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ყოველგვარი დისკუსიის, დებატის, განხილვისა და შესაბამისი შესწავლის გარეშე შემოიღო აქციზის გადასახადი თხევადი გზისთვის, რომელიც დღეს შევიდა ზალაში. ამ გადასახადით დაზარალდება ის ხალხი, რომლებიც წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენას. ამიტომ მოვუწოდებთ პარლამენტს შეაჩეროს ეს ნორმა, - ასე გამოეხმაურა მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე დღეს ძალაში შესულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც თხევადი გაზის ფასი მნიშვნელოვნად გაძვირდა.
ამ თემაზე ანა დოლიძემ თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარესთან ნიკა ხოფერიასთან ერთად სპეციალური ბრიფინგი გამართა.
თხევადი გაზის გაძვირება გამოიწვევს სავალალო შედეგებს. მოქალაქეები, რომლებიც ყოველდღიურად შრომობენ გადარჩენისთვის, კიდევ უფრო გაღარიბდებიან. გაზის გაძვირება, რომელიც დაიწყება დღეიდან, კიდევ უფრო მძიმედ აისახება პანდემიის შედეგად ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩენილ მოსახლეობაზე. ჩვენი მოთხოვნაა, საქართველოს პარლამენტმა გადადოს ამ კანონის ამოქმედება ერთი წლით, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში კიდევ უფრო დიდ სიღარიბეში არ ჩააგდოს ათასობით ტაქსისტი, დისტრიბუტორი, მცირე მეწარმე და ჩვეულებრივი გლეხი. ამის შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანომ უნდა იზრუნოს, რომ ამ ნორმის შემოღება მოხდეს სამი მოსმენით, საჯარო დისკუსიით და განხილვით, ევროკავშირის ექსპერტების მონაწილეობით, - განაცხადა ანა დოლიძემ.
თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა ხოფერიას თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული დირექტივა ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტანდარტებს.
დღეს შესული კანონის მიხედვით, თხევად გაზზე გადასახადი გაერთიანდა და გადავიდა იმპორტის რეჟიმში. შესაბამისად, მოიმატა მისმა განაკვეთმა. ეს ნორმა არის უსამართლო. ევროკავშირის დირექტივა პირდაპირ გვეუბნება თხევადი გაზისა და ბუნებრივი გაზის სააქციზო გადასახადი უნდა იყოს ერთმანეთის ტოლი და ის უნდა იყოს ოთხჯერ უფრო ნაკლები ბენზინის აქციზთან მიმართებაში, - განაცხადა ნიკა ხოფერიამ, რომლის მოსაზრებითაც, თხევად გაზზე ფასების მატება პირდაპირ უკავშირდება ნავთობის მსხვილ ბიზეს კომპანიების ინტერესს.