„დამოუკიდებელი სასამართლო რჩება „ქართული ოცნების“ აქილევსის ქუსლად“, - ასე გამოეხმაურა მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი, ანა დოლიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, სადაც სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზეა საუბარი.
„ანგარიშში გაკეთებულია ძალიან მკვეთრი აქცენტი სასამართლოს დამოუკიდებლობასა და რეფორმაზე. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიულობის ქვაკუთხედია და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სწორედ ეს თემა რჩება ქართული ოცნების აქილევსის ქუსლად. სასამართლოს დამოუკიდებლობა იქნება გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის კუთხით“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძის განცხადებით, ის კოსმეტიკური რეფორმები, რომელსაც დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ახორციელებს, ვერ შეცვლის იმ ძირეულ პრობლემებს, რომელიც დღეს ქართულ მართლმსაჯულებაში არსებობს. საჭიროა ძირეული რეფორმა, რომელსაც შესაბამისი საერთაშორისო ცოდნის, კომპეტენციის და საზოგადოებისთვის მაღალი ნდობის პირები განახორციელებენ.
დოლიძეს მომზადებული აქვს სასამართლო რეფორმის ექვსი ნაბიჯი, რომელიც საზოგადოების ფართო ფენებს უკვე გააცნო.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში იკვეთებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები. მოსამართლეები დაუცველები იყვნენ სასამართლო სისტემის შიგნიდან და გარედან განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლისგან.