ბათუმში არსებული ჭაჭის კოშკით შესაძლოა ჭაჭის მწარმოებელი კომპანია „ზეარისი" დაინტერესდეს. ბათუმის მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ სააგენტო ამ ეტაპზე კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
თევზაძის განცხადებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა მწამროებელ კომპანიებთან, თუმცა, ვინ არიან სხვა კომპანიები, ამის დაკონკრეტებისგან თევზაძე თავს იკავებს.
„მინდა, რომ კონკურსი გამოვაცხადო და ვინც უფრო ორიგინალურ იდეას წარმოადგენს, ის იყოს გამარჯვებული. პირობებს ახლა ვაყალიბებთ. „ზეარის" კონცეფცია მომეწონა. იქნებ რამე ორიგინალური გააკეთონ"-აცხადებს თევზაძე.
დაინტერესდება თუ არა კომპანია "ზეარისი" ჭაჭის კოშკით და რამდენად მომგებიანი იქნება ეს მისთვის, უცნობია. კომპანიაში ამ დრომდე "კომერსანტის" ზარებს არ პასუხობენ.
შეგახსენებთ, რომ კოშკის მშენებლობა ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე 810 055 ლარი დაჯდა. ის 2012 წლის ოქტომბერში გაიხსნა. ჯერ კიდევ 2014 წელს ჭაჭის კოშკის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი ეთერ მაჭუტაძე „კომერსანტთან" აცხადებდა, რომ კოშკის ფუნქციონირებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 35 ათასი ლარი იხარჯებოდა, სამაგიეროდ კი სახელმწიფო არანაირ სარგებელს არ იღებდა.
მაშინ ეთერ მაჭუტაძე „კომერსანტთან" საუბრისას აღნიშნავდა, რომ დაიწყებოდა მოლაპარაკებები ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ სხვადასხვა კომპანიასთან, რის შემდეგაც კომპანიები ჭაჭის კოშკზე მათი პროდუქციის განთავსების სანაცვლოდ ფულს გადაიხდიდნენ და ობიექტი შემოსავლის მომტანიც გახდებოდა.
მაშინ ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურში აცხადებდნენ, წლის განმავლობაში ჭაჭის კოშკს 1,5 ტონა ჭაჭა სჭირდება.
2016 წლიდან ჭაჭის კოშკის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი ახლად შექმნილი, ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოა. ამჟამად ჭაჭის კოშკი არ მუშაობს.