დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევების ზრდისა, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაიცვას ყველა არსებული რეგულაცია.
„მიუხედავად ქვეყანაში შემთხვევების ზრდისა, პანიკის საფუძველი არ არის. ეს ყველაფერი საყურადღებოა, ჩვენ გვჭრდება დამატებითი ღონისძიებების გატარება, მაგრამ პირველ რიგში, იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც დღეს დადგენილია სახელმწიფოს მიერ. ეს რეგულაციები ყველამ კარგად იცის. ეს რეგულაციებია : პირბადის ტარება დახურულ შენობებში და ღია სივრცეებშიც, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სანიტარული წესრიგის გამკაცრებას ქვეყანაში. აუცილებელია,რომ თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან. განსაკუთრებით მოვერიდოთ ჩვენს ხანდაზმულ ადამიანებს. თუ სადმე ეჭვია, რომ რომელიმე ჩენგანს აქვს სიმპტომები: ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ხველა, აუცილებელია დავრეკოთ 112-ზე და სწრაფად მოხდეს გამოკვლევა”, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში გაზრდილია დღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობაც.
„გამოკვლევების რაოდენობა ქვეყანაში სერიოზულადაა გაზრდილი. დღეს დილისთვის იყო უკვე 10 000 PCR კვლევა და ამას ემატება ყოველდღიურად 1600 სწრაფი ტესტი. კვლევები ხელს უწყობს დადებითი შემთვევების ადრეულ ეტაპზე გამოვლინებას. ამიტომაც გვაქვს მსუბუქი შემთხვევების ადრეული გამოვლინებები. მათი მართვა ხდება ძირითადად ჰოსპიტალში და 3-4 დღის დაყოვნების შემდეგ საკარანტინე სივრცეებში. ამ ტიპის შემთხვევების დიდი ნაწილი უცხოეთის ქვეყნებში იმართება ამბოლატორიულ პირობებში და შესაძლებელია რაღაც დროს ქვეყანამ ჩართოს ამბოლატორიული მკურნალობის რეჟიმი, მაგრამ ამ ეტაპზე უპრიანია, რომ ყველა დადებითი შემთხვევა პირველ რიგში მოხვდეს საავადმყოფოს სივრცეში, იქ გაიაროს სწრაფი გამოკვლევები და შემდგომ იყოს გადაყვანილი ექიმის რეკომენდაციით საკარანტინო სივრცეში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
IPN