დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის პირველი პროექტი მიიღეს. ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროში, კორონავირუსის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის პირველ პროექტში საუბარია ლოჯისტიკურ ნაწილზეც, ასევე ვაქცინაციის გვერდით მოვლენებსა და მიზნობრივ ჯგუფებზე.
„არსებობს ეროვნული გეგმის პირველი დასრულებული პროექტი. დღევანდელ საბჭოზე მოხდა დასრულებული ვერსიის წარდგენა. იყო განხილვა, წინადადებები, შენიშვნები. კონსენსუსის წესით მოხდა გეგმის მიღება, რომელიც დასამტკიცებლად გარკვეული ფორმალური პროცედურების შემდეგ, წარედგინება ჯერ საკოორდინაციო საბჭოს, შემდეგ კი საქართველოს მთავრობას.
გეგმა არსებობს, რომლის 8 ძირითად მიმართულებებს შორის გახლავთ სამიზნე მოსახლეობა და მოცვის ეტაპი, რა სცენარებია ქვეყანაში სხვადასხვა ვაქცინების პირობებში, როგორი უნდა იყოს სერვისების მიწოდება, დამატებითი სიმძლავრეების შემოტანა, მობილური ჯგუფები, როგორი უნდა იყოს გვერდით მოქმედებების აღნუსხვა“,-აცხადებს გამყრელიძე.
ამირან გამყრელიძემ მედიას მიმართა და ვაქცინაციის შესახებ საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციისთვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„მთავარია კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს თქვენი, რომ მოხდება სწორი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ვაქცინაცია განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში ერთ-ერთი მთავარია იმისთვის, რომ პანდემია დასრულდეს“,-განაცხადა გამყრელიძემ.
IPN.GE