ჩვენ ახლა სრულ სკრინინგს ვაწარმოებთ ყველაზე დიდ, ლილოს ბაზრობაზე, სადაც რამდენიმე კლასტერი გადაიკვეთა, ეს არის გაჩიანის და კიდევ ერთი ოჯახის კლასტერი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ლილოს ბაზრობაზე 6000 ადამიანი მუშაობს და მათი ტესტირება სრულად მოხდება.
„ლილოს ბაზრობის გამოკვლევა სრულად მოხდება, დღესაც 700-მდე ნიმუში იქნა აღებული, სულ აღებულია 2500-2700 ნიმუში და ვფიქრობთ, რომ ამ კვირაში ლილოს ბაზრობას სრულად მოვიცვათ. რაც შეეხება მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვა ბაზრობებს, მათი კვლევის მიდგომაზე მსჯელობა მიმდინარეობს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1145 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 927 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
imedinews.ge