სამწუხაროდ, ჯერჯერობით ნიკა არ გამოჯანმრთელებულა, ის რჩება საავადმყოფოში, ჯერჯერობით მას ისევ სჭირდება გარკვეული დრო, რომ ორგანიზმიდან ვირუსის სრული ელიმინაცია მოხდეს , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„კლინიკურად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად, მაგრამ ჯერჯერობით ვირუსი არ არის განულებული. ამიტომ ჯერ ის ისევ ინფექციურ საავადმყოფოში რჩება. არ ვიცი მისი გამოჯანმრთელების ჭორი საიდან გავრცელდა, მაგრამ ყველას მაინც დიდი მადლობა, ვინც მისი გამოჯანმრთელება მომილოცა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდგინეს.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ხუთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. სულ გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge