ბევრი კომპანია მუშაობს ისეთ ვაქცინაზე, რომელიც ე.წ. „შპრიცდოზაში“ იქნება და მას არ სჭირდება არავითარი შპრიცი და ნემსი. როცა მოახლოვდება ის დრო, როცა ვაქცინა დაშვებული იქნება სხვადასხვა მარეგულირებლის მიერ, რა თქმა უნდა, იქამდე დიდი ხნის ადრე გვეცოდინება, ეს ვაქცინა ჩამოსხმული იქნება ფლაკონებში, ე.წ. „შპრიცდოზებში“ თუ სხვა და შესაბამისი მარაგი უნდა შეიქმნას - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს შეიძლება იყოს ამ წლის გვიანი პერიოდი, ან, უფრო დიდი ალბათობით, პირველ კვარტალში“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2054 ადამიანი, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge