ივლისიდან უკვე პირველი კვირიდან უნდა ავიდეთ 20,000-25,000 აცრაზე დღიურად, რომ ის სამიზნე, რაც გვაქვს წლის განმავლობაში 1,700,000 ადამიანის აცრა, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ს მივაღწიოთ. ეს რა თქმა უნდა რთული, მაგრამ სავსებით მიღწევადი ამოცანაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში შემოვა Pfizer-ი, Astra Zeneca, Sinovac-ი, Sinopharm-ი და ამას დაემატება Johnson & Johnson-ი და ასევე Novavax-ი.
„ჩვენ სერიოზულად ვემზადებით მთელ ქვეყანაში ვაქცინაციის გასაფართოებლად და ივლისიდან ქვეყანა მასობრივ ვაქცინაციაზე გადადის, რაც ნიშნავს, რომ თუ ჩვენ მარტში, დღეში 450 აცრას, აპრილში 1,200-ს, მაისში 3,500 ვაკეთებდით, ახლა ივნისში უკვე საშუალო გვაქვს 5,300, ხოლო ივლისიდან უკვე პირველი კვირიდან უნდა ავიდეთ 20,000-25,000 აცრაზე, რომ ის სამიზნე, რაც გვაქვს წლის განმავლობაში 1,700,000 ადამიანის აცრა, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ს მივაღწიოთ. ეს რა თქმა უნდა რთული, მაგრამ სავსებით მიღწევადი ამოცანაა.
მასობრივ ვაქცინაციაზე ქვეყანა უნდა გადავიდეს მაშინ, როცა ცივ საწყობში ყოველთვიურად სულ მცირე 500,000 დოზა ვაქცინა დევს და ამის გარანტიები ჩვენ უკვე გვაქვს, რომ 500,000 დოზა ვაქცინა ივლისში იქნება და შემდეგ ყოველთვიურად შემოვა 3,600,000 დოზა ვაქცინა.
საუბარია 4 ვაქცინაზე, რომელიც შემოვა ესენია: Pfizer-ი, Astra Zeneca, Sinovac-ი, Sinopharm-ი და ამას დაემატება Johnson & Johnson-ი, რომელიც არის ერთჯერადი ინექციისთვის, შედარებით ცოტა 130,000 დოზაზეა საუბარი და ასევე ახალი ვაქცინა Novavax-ი, ამერიკული სხვა პრინციპზეა დამზადებული, თუმცა ძალიან ეფექტური ვაქცინა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 443 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 338 318, გარდაიცვალა 5034 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
imedinews.ge