ეპიდსიტუაცია ქვეყანაში თანდათან უფრო იძაბება და ეს მოსალოდნელი იყო შემოდგომაზე. დაწყებულია მეორე ტალღა, რომელიც უფრო ძლიერია რიცხობრივი თვალსაზრისით, მაგრამ შედარებით უფრო სუსტია დაავადების სიმძიმის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„გარკვეული ცვლილებები შევიდა ტესტირების რეჟიმში. ყველა სამედიცინო მუშაკი 2 კვირაში ერთხელ გაიტესტება, კოვიდ-კლინიკების რეანიმაციების პერსონალი - კვირაში ერთხელ, ხოლო სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების პერსონალი - ყოველ 72 საათში ერთხელ, ვინაიდან ისინი ე.წ. ფრონტის წინა ხაზზე არიან. ზოგადად მთელი ამ ხნის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 1,82-ს შეადგენს, ბოლო 1 კვირაში გვაქვს 6%. ეს მაღალი ნიშნულია, ხოლო რეგიონების ჭრილში ყველაზე მაღალია აჭარაში - დაახლოებით 22%. შემდეგ მოდის იმერეთი - 7%, თბილისში კი 4%. მოკლედ რომ შევაჯამოთ ეს სტატისტიკა, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში თანდათან უფრო იძაბება და ეს მოსალოდნელი იყო შემოდგომაზე. დაწყებულია მეორე ტალღა, რომელიც უფრო ძლიერია რიცხობრივი თვალსაზრისით, მაგრამ შედარებით უფრო სუსტი დაავადების სიმძიმის თვალსაზრისით. საკმაოდ დიდი წილი გვაქვს უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების, რომლებიც სტაციონარში მკურნალობას არ საჭიროებენ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 159 ადამიანი, გარდაიცვალა 109 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge