ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი იმუნური სტატუსით შევხდებით შემოდგომას, რადგან ამით შეიძლება გადავავადოთ ან რაც შეიძლება მსუბუქი გავხადოთ მოსალოდნელი მეოთხე ტალღა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„მეოთხე ტალღაზე საუბარი სერიოზულია, მაგრამ ბევრი ქვეყანა ფიქრობს, რომ ის გაცილებით მსუბუქი უნდა იყოს, ვიდრე წინა სამი ტალღა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 361 484 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 347 653, გარდაიცვალა 5228 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
imedinews.ge