აშშ-ში საზღვაო კვლევითი ლაბორატორიის (NRL) მკვლევართა ჯგუფმა მწვანე ენერგიის გადაცემის ახალი წყარო წარმატებით გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია (GREDA) inceptivemind.com–ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„აღნიშნული ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, გადამცემი ხაზების ნაცვლად, ელექტროენერგია ლაზერის სხივის მეშვეობით, როგორც Wi-Fi (უსადენო კავშირი), ისე გადავცეთ. ამასთანავე ამ ტექნოლოგიით ჩვენ შევძლებთ ელ.ენერგია კოსმოსში და პირიქთ კოსმოსიდან დედამიწაზე გავაგზავნოთ“, – ნათქვამია კვლევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტის დემონსტრაცია მერილენდში შედგა, სადაც მკვლევარებმა 1 კმ მანძილზე 1.6 კვტ სიმძლავრის ელექტროენერგია, 10 გჰც სიხშირით წარმატებით გადასცეს. 10 გჰც სიხშირის სხივი არჩეული იყო, რადგან ასეთი სხივი ძლიერია წვიმის დროსაც კი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სხივი უსაფრთხოა ადამიანებისთვის, ცხოველებისა და ფრინველებისთვის.
როგორც მკვლევართა გუნდის ხელმძღვანელი ქრისტოფერ როდენბეკი აცხადებს, „SCOPE-M-ის ტექნოლოგია გზას უხსნის ელ.ენერგიის გადაცემას კოსმოსში და კოსმოსიდან დედამიწაზე, საერთაშორისო სტანდარტებით დაშვებული უსაფრთხო სიხშირის გამოყენებით. სიმძლავრის სხივი არის სრულიად მწვანე ტექნოლოგია. სხვა სუფთა ენერგიის წყაროებისგან განსხვავებით, კოსმოსიდან მიღებულ სიმძლავრის სხივს შეუძლია დედამიწაზე უწყვეტი ენერგიის უზრუნველყოფა 24 საათიან რეჟიმში, კვირაში 7 და წელიწადში 365 დღის განმავლობაში".