ამერიკელმა მეცნიერებმა წარმატებით გამოსცადეს პიცის კოლოფის ზომის მზის პანელი, რომელიც კოსმოსიდან დედამიწაზე ენერგიის გაგზავნის სისტემის პროტოტიპს წარმოადგენს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, პანელი დედამიწის ორბიტაზე 2020 წლის მაისში გავიდა. ის მზის სინათლეს აგროვებს, რომელიც დედამიწის ატმოსფეროს ვერ ცდება და კოსმოსში რჩება. შემდეგ ენერგია მიკროტალღების სახით დედამიწაზე მოხვდება, სადაც მას ელექტროენერგიად გარდაქმნიან. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთ პანელს დაახლოებით 10 ვატის ოდენობის ელექტროენერგიის გადმოცემა შეუძლია, რაც პლანშეტის მუშაობისთვის საკმარისია. პროექტი კი ორბიტაზე ათობით ასეთი პანელის გაყვანას ითვალისწინებს. განხროციელების შემთხვევაში, ამ სისტემას დედამიწის ელექტროენერგიის ქსელების მომარაგება შეეძლება.
„მზის ენერგიის სატელიტების უნიკალური უპირატესობა იმაშია, რომ შეგვიძლია ელექტროენერგია ჩიკაგოში გავგზავნოთ, ერთ წამში კი ლონდონსა ან ბრაზილიაში“, - განმარტავენ მეცნიერები.
მათივე განმარტებით, მთავარი ფაქტორი ამ ეტაპზე პროექტის ეკონომიკური მომგებიანობის დამტკიცებაა, რადგან კოსმოსისთვის ტექნიკის მშენებლობა ძვირადღირებულია. პროექტზე მუშაობა პენტაგონის დაფინანსებით მიმდინარეობს. ამასთან, მეცნიერებს ენერგიის დედამიწაზე გაგზავნის გამოცდა მოუწევთ. პანელებმა ზუსტად უნდა იცოდნენ სად გაგზავნონ მიკროტალღები, რომლებსაც შემდგომში პლანეტაზე ელექტროენერგიად გარდაქმნიან.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს მეთოდი ადამიანებს სტიქიური უბედურებების დროს დაეხმარება, თუმცა აღნიშნავენ, რომ შესაძლოა არასწორ ხელში სისტემა დამანგრეველ იარაღად იქცეს.
imedinews.ge