კომპანია Amazon-ის საბაზრო ღირებულებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 1.1 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კომპანიის აქციების ღირებულება 4%-ით გაიზარდა. Amazon-ი ერთ-ერთია იმ კომპანიათა მცირე რიცხვიდან, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო პრობლემებს არ განიცდიან. პირიქით, კომპანიის სერვისზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ ხელმძღვანელობას დამატებით 100 ათასი ადამიანის დასაქმება მოუწია. მეტიც, ორშაბათს ხელმძღვანელობაში განაცხადეს, რომ მომხმარებლებისთვის სასურველი მომსახურეობის გასაწევად კიდევ 75 ათასს ადამიანს დაიქირავებენ.
ამასთან, Amazon-ს კორონავირუსთან გამკლავების გამო აკრიტიკებენ. თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ ხელმძღვანელობა მათ უსაფრთხო სამუშაო გარემოს არ უქმნის. Washington Post-ის ინფორმაციით, ისინი, ვინც ამის შესახებ ხმამაღლა საუბრობენ სამსახურს კარგავენ.
Imedinews.ge