მსოფლიოს ნომერ პირველი ონლაინ–რითეილერი Amazon-ი პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის საკუთარ თვითმფრინავებს (Boeing 767-300) გამოიყენებს. ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
5 აგვისტოს კომპანიამ წარადგინა თავისი პირველი სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელსაც Amazon One ეწოდება. „აღნიშნული ტრანსპორტირების სისტემა ჩვენი უმნიშვნელოვანესი კლიენტებისათვის პროდუქციის უფრო სწრაფი მიტანის საშუალებას მოგვცემს" - განაცხადა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, დეივ კლარკმა.
თვითმფრინავი პროდუქცის მიტანის დროს 1-2 დღით შეამცირებს. კლარკის თქმით, ამ გზით კომპანია ფასების შემცირებასაც შეძლებს. მისივე თქმით, კომპანია ლაინერების რაოდენობის 40-მდე გაზრდას გეგმავს.
2015 წლის ნოემბერში Amazon-მა უკვე წარადგინა უპილოტო თვითმფრინავი Prime Air, რომელსაც პროდუქციის გადატანა მხოლოდ 24 კილომეტრის არეალში შეუძლია და 122 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავს.
გასული თვის ბოლოს კი კომპანიამ 2016 წლის პირველი ნახევრის შედეგები გამოაქვეყნა. Amazon-ის სუფთა მოგება 39-ჯერ არის გაზრდილი და მან $1,37 მილიარდი შეადგინა. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მესამე კვარტალში გაყიდვები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
„Amazon"-ის აქტივების და შემოსავლების ზრდამ მისი დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანთა სამეულში პირველად შეიყვანა. „ფორბსის" გამოთვლებით კომპანიის დამფუძნებლის ქონებამ 65 მილიარდ დოლარს მიაღწია. ბეზოსს ამ ეტაპზე „ფორბსის" რეიტინგში მხოლოდ ესპანელი მაგნატი, „ინდეტექსის" დამფუძნებელი ამანსიო ორტეგა და "მაიკროსოფტის" დამფუძნებელი ბილ გეითსი უსწრებენ.
RBC