ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი - ასე აფასებს მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი საქმეს ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ. საკითხზე ქართველმა მოჭადრაკემ ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ისაუბრა. მისი თქმით, ეს კრედო ეხება, როგორც ცხოვრებას ისე სპორტს.
„ბევრ საკითხში, იქნება ეს სპორტი, ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ ცხოვრებისეული მოვლენები, ერთადერთი, რაც აუცილებელია არის ის, რომ ადამიანს ბრძოლის უნარი აღმოაჩნდეს და სიტუაციას არ დანებდეს. რადგან ყველაზე უიმედო სიტუაციაშიც შეიძლება საქმის წარმატებისკენ შემობრუნება. თუ ადამიანს არ აქვს სპორტული ხასიათი, ბრძოლის ჟინი და გამძლეობის უნარი და ისე აკეთებს რაღაცას, მწვერვალის დაპყრობა შეუძლებელია.
სპორტულ კარიერაში მე ვთვლი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. აუცილებელია, რომ ადამიანმა ყველაფერი ჩადოს ერთ საქმეში. აუცილებელია, რომ მთელი სული და გული ჩადო ამაში. უნდა მოერიდო ყველანაირ გართობებს, წარმატება ადვილად არ მოდის, ერთადერთი რჩევა ეს შემიძლია გავაკეთო. ძალიან ბევრი სპორტსმენი ჰყავს საქართველოს, რომელიც წარმატებულია, მთავარია ნიჭიერმა ადამიანმა თავისი არასერიოზული დამოკიდებულებით წარმატების შანსი არ დაკარგოს“, - აღნიშნა ნონა გაფრინდაშვილმა.
მოჭადრაკე ამბობს, რომ „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ საქმეში ჩართვა სწორი გადაწყვეტილება იყო. მისივე თქმით, ადვოკატების წვლილი გაცილებით დიდია.
„მე ვფიქრობ, რომ ქართველმა და ამერიკელმა ადვოკატებმა ძალიან კარგად იმუშავეს და ამ საქმის ბოლომდე მიყვანით შეიქმნა პრეცედენტი“, - აღნიშნა ნონა გაფრინდაშვილმა.
თაკო კვაჭანტირაძე