ამ პროცესმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა და გააღრმავა უთანასწორობა განათლების სისტემაში - სიმონ ჯანაშია

ამ პროცესმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა და გააღრმავა უთანასწორობა განათლების სისტემაში - სიმონ ჯანაშია

access_time2020-05-17 18:00:47

რა ძალისხმევა გაიღო სახელმწიფომ ონლაინსწავლების ხელშეწყობისთვის საქართველოში? რა სისტემური პრობლემები გამოჩნდა ამ პროცესში და რამდენად პასუხობს სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა ამ პრობლემებს. ამ და სხვა საკითხებზე განათლების საკითხების მკვლევარს სიმონ ჯანაშიას ვესაუბრეთ.


ონლაინსწავლებზე გადასვლამ სისტემაში არსებული რა პრობლემები გამოაჩინა?


უნდა შევაფასოთ რა პრობლემები დადგა, რა პასუხი გასცა სისტემამ ამ პრობლემებს და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს აქტუალური გახდეს.

მთავარი პრობლემაა ის, რომ ბავშვები სკოლაში, სადაც ძირითადად საგანმანათლებლო გამოცდილებას იღებენ, ვერ დადიან.

ეს პრობლემაა იმიტომ, რომ განათლების მიღების ალტერნატიული ფორმები საქართველოში ძირითადად განვითარებული არაა და შესაბამისად, სისტემას გაუჭირდა, რომ ბავშვებს, რომლებიც სკოლებში ვერ დადიან განვითარების გაგრძელების შესაძლებლობა მისცეს.

რატომ გაუჭირდა სისტემას? ერთი ის, რომ დისტანციური სწავლება განვითარებული არ იყო საქართველოში არა მარტო იმიტომ, რომ ტექნოლოგიების ნაკლებლობაა, არამედ იმიტომაც, რომ სახელმწიფო ამ მიმართულების განვითარების საჭიროებას ვერ ხედავდა და არა მხოლოდ ვერ ხედავდა, არამედ უფრო მეტ საფრთხეს ხედავდა მასში, ვიდრე შესაძლებლობებს.

მაგალითად, დისტანციური განათლების სფეროს რეგულირებისას სახელმწიფო ბევრი წლის განმავლობაში ამ მიმართულების იგნორირებას აკეთებდა ზოგად განათლებაში და მერე, როცა დაუშვა ასეთი ტიპის განათლება, კანონში ჩაწერა, რომ ეს მხოლოდ სინქრონულად განხორციელებული გაკვეთილებია, როდესაც მასწავლებელი და მოსწავლე ონლაინ ერთდროულად არიან. [ბევრი სხვადასხვა დასაბუთება იყო, როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ. ერთ-ერთი ის იყო შიში, რომ ზოგადი განათლების სფეროში გამოჩნდებოდნენ ორგანიზაციები, ან ჯგუფები, რომლებიც შეეცდებოდნენ უხარისხო განათლება მიეწოდებინათ მოსწავლეებისთვის].

სახელმწიფო არა უბრალოდ პრიორიტეტად არ თვლიდა, არამედ ხელსაც უშლიდა დისტანციურ სწავლებას. არ აღიარებდა დისტანციურად მიღებულ განათლებას არც ზოგად და არც უმაღლეს დონეზე. შერეული განათლების ფორმებსაც არ აღიარებდა, რომ, მაგალითად, სკოლას პროგრამების რაღაც ნაწილი დისტაციურად განეხორციელებინა და რაღაც ნაწილი პირისპირ.

განსხვავება რომ დავინახოთ ჩვენსა და იმ სახელმწიფოებს შორის, სადაც ეს სფერო უფრო განვითარებულია, მაგალითად, დასავლეთში არსებობს სკოლები, რომლებიც მთლიანად დისტანციურად იმართება. ასეთი სკოლები აღმოსავლეთ ევროპაშიც არსებობს, სადაც მთელი საგანმანათლებლო პროცესი დისტანციურად მიდის. იმ ქვეყნებში, როცა ამ რეჟიმზე გადაწყობა გახდა საჭირო, არსებობდა ხალხი, ორგანიზაციები, მასალები, რომლებსაც გამოცდილება ჰქონდათ. შესაბამისად, სახელმწიფოები ამ პრაქტიკას დაეყრდნენ. ჩვენთან ეს გამოცდილება არ იყო, ხალხი არ იყო მზად და არათუ დისტანციური სწავლებისთვის, ზოგადად ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისთვის.

ჩვენი პრობლემა მხოლოდ ის არ იყო, რომ დისტანციური განათლების ფორმები არ იყო დანერგილი, ზოგადად ციფრული წიგნიერება არ არის პრიორიტეტი. მაგალითად, ქართულის მასწავლებლები წერას როცა ასწავლიან, იშვიათად ასწავლიან მას თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით გამოყენებით. ძალიან ჩამოვრჩით იმას, რაც ხდება რეალურ სამყაროში. ამიტომ მხოლოდ დისტანციურზე გადასვლა კი არ გახდა საჭირო, არამედ საჭირო გახდა ტექნოლოგიების საბაზისო მოხმარებაზე გადასვლა, ამიტომაც რთულია 60 ათასი მასწავლებელი, რომელთა უმცირესობაც იყენებს ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში, უცებ გადაერთოს 100%-ით ტექნოლოგიების გამოყენების სწავლებზე.

სახელმწიფოს პასუხი იყო ორგვარი – ერთი იყოს ის, რომ დაეყრდნობა მის ხელთ არსებულ რესურსებს, რაც აქამდე ნაყიდი ჰქონდა, მაგრამ დიდად არ იყენებდა [მაიკროსოფტის პროდუქტები] და რეალურად სკოლებს მისცა საშუალება, თავად გადაეწყვიტა, რა ფორმით შეეცდებოდნენ დისტანციური განათლების აწყობას. გარდა ამისა, ტელესკოლაც გააკეთა, როგორც პასუხი იმ ხალხის წუხილზე, რომლებიც ამბობდა, რომ ტექნოლოგიებზე არ მიუწვდება ხელი.


როგორც ვხედავთ სახელმწიფო ონლაინსწავლებაში გაწეული ძალისხმევის შეფასებისას მარტო ითვლის პროდუქტებს, რომელიც შექმნა და რაზე წვდომაც მისცა მოსწავლეებს და მასწავლებელს. არ მოგვისმენია რამდენად კარგად იქნა გამოყენებული ეს რესურსი თუნდაც იმ ნაწილში, რომელშიც ინტერნეტზე და ტექნოლოგიებზე წვდომა პრობლემა არ იყო. რა ინდიკატორებს შეხედავდით თქვენ, როგორც ექსპერტი, ხარისხობრივად რომ გსურდეთ იმის შეფასება, როგორ გამოიყენეს რესურსები/პროდუქტები პედაგოგებმა და ბავშვებმა?


სამინისტროს პოლიტიკაც, პრაქტიკაც და რიტორიკაც არის ძალიან პრობლემური.

პოლიტიკა პრობლემურია იმიტომ, რომ ცდილობს, მთელი ენერგია ჩადოს რესურსებში, პრაქტიკულად არ აქცევს ყურადღებას პროცესს და არ უყურებს შედეგებს.

სამი ნაწილი აქვს პოლიტიკის დაგეგმვას – ერთი ვიფიქროთ იმაზე, რა შენატანებს ვაკეთებთ; მეორე – ვიფიქროთ როგორ იცვლება პროცესი ამასთან მიმართებაში, რომ გამოიყენეს თუ არა ის რესურსები, რომლებსაც ვაწვდით სისტემას და მერე უნდა შევხედოთ შედეგებს და თუ შედეგები არ მოგვწონს სწრაფად უნდა ვცვალოთ შენატანები და პროცესზე გავლენა.

სამინისტრომ ძირითადი აქცენტი რესურსებზე გააკეთა. პრაქტიკულად არ მიუცია რეკომენდაციები, როგორ უნდა მოიხმარონ ეს რესურსები, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური ტრენინგები ჩატარდა და ორი-სამი დოკუმენტი რეკომენდაციების დაეგზავნა სკოლებს.

მოდელები როგორ შეეძლოთ აეწყოთ დისტანციური სწავლება, ან როგორ გაეკეთებინათ ორგანიზება თუნდაც იმის, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი ჩაერთოთ სწავლებაში, რომ განათლების მიღმა ნაკლები დარჩეს, არ მიუწოდებიათ. ან როგორ უნდა იფიქრონ გაკვეთილის დაგეგმვაზე, როგორ შეიძლება სკოლები ცდილობდნენ, რომ ბავშვებმა გამოიყენონ ტელესკოლის ის პროდუქტები, რომლებსაც სახელმწიფო აწვდის.

ამაზე არ უზრუნია სახელმწიფოს და ჩაითვალა, რომ რახან რაღაცები მივაწოდეთ, პროცესიც კარგი იქნება და შედეგიც გვექნება დადებითი.

ეს იგივეა სახელმძღვანელოები დავურიგოთ მოსწავლეებს და ვიყოთ ილუზიაში, რომ ისწავლიან. იგივეა ტელესკოლაზე, რომ რახან რაღაც გაკვეთილები ჩავწერეთ ტელევიზორში ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ უყურა, ან რამე გაიგო ან რამე შემეცნებითი სავარჯიშო გააკეთა იმისთვის, რომ უფრო ღრმად გაეანალიზებინა, იქ რაც ილაპარაკეს.

რაც შეეხება რიტორიკას ძალიან პრობლემური იყო ის, რომ ამ შეფასებისას სახელმწიფოს არ  არაფერი უთქვამს ზარალზე. რა ზარალი მიადგა სისტემას და რა აკეთებს იმისთვის, რომ ეს ზარალი აღმოფხვრას.



როგორც ვიცი, გარკვეული ინსტრუქციები დაეგზავნათ სკოლებს,  როგორ გამოეყენებინათ რესურსები. თქვენ თვლით, რომ ეს საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ სამინისტროს პროცესისთვის ხელი შეეწყო?


რისგან შედგება საგანმანათლებლო პროცესი? ერთი დაგეგმვის ნაწილია, მე ამ ნაწილში არაფერი მინახავს. ჩვენი სკოლა, მაგალითად, იმისთვის, რომ გადავსულიყავით დისტანციურ რეჟიმზე, ამისთვის პირველი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, გაგვეგო რომელ ბავშვებს აქვთ ხელმისაწვდომობა კომპიუტერსა და ინტერნეტზე. ვისაც არ ჰქონდა აღჭურვილობა, მოვაგროვეთ, სკოლის რესურსებიდან ავიღეთ.

მაგალითად, დღეს ვიცით სკოლის მაგალითი, რომელმაც აიღო სკოლის კომპიუტერი და გადასცა ბავშვს, რომ ამ ბავშვს ჰქონოდა შესაძლებლობა ჩართულიყო დისტანციურ სწავლებაში? არ გამიგია ასეთი. რატომ არ გაგვიგია? იმიტომ, რომ, თუ მსგავსი ინსტრუქცია არ მოჰყვა სახელმწიფოსგან, მაშინ სკოლა ვერ გაბედავს იმას, რომ სკოლის ქონება ვიღაცას ათხოვოს, მათ შორის მოსწავლეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება სინამდვილეში ამ მოსწავლეებს ეკუთვნით.

ინტერნეტი რომ არ აქვს ბავშვს, რა უნდა გააკეთოს სკოლამ? შეუძლია თავისი ბიუჯეტიდან იყიდოს და გადასცეს? ასეთი ინსტრუქცია გინახავთ? თითქოს მარტივი საკითხია, რომ სკოლას შეუძლია თუ არა, რომ ბიუჯეტიდან დაეხმაროს თავის მოსწავლეს. ასეთ საკითხებს ვერ წყვეტს სკოლა და როცა სახელმწიფომ იცის, რომ ვერ წყვეტს, მაშინ თვითონ უნდა დაიწყოს მოგვარება.

ლაპარაკი იყო ინტერნეტის სუბსიდირებაზე სასწავლო მიზნებისთვის. გააკეთა რამე სახელმწიფომ?


 თქვენ ახსენეთ ზარალი, რომელიც სისტემას მიადგა და რაზეც არაფერი მოგვისმენია. რას გულისხმობთ კონკრეტულად?


მაგალითად, როგორ შეიძლება დავითვალოთ ზარალი. ჩვენ ვიცით, რამდენი იხარჯება თითოეულ თვეში იმისთვის, რომ ბავშვებმა მიიღონ განათლება. შემდეგ ეს შეგვიძლია გავამრავლოთ იმ თვეებზე, რომლის დროსაც განათლებას ვერ იღებდნენ და შეგვიძლია ვიმსჯელოთ და დავთვალოთ ფინანსურად რამდენი ზარალი მიადგა. აქ საუბარია რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზე.

ასეულობით მილიონი ზარალი როცა მიადგება სისტემას, მაშინ იმაზე ძირითადი აქცენტის გაკეთება, როგორ მიიღებენ ბავშვები უკეთეს ნიშნებს, როცა ეს მათ სურთ, მაშინ ეს არაადეკვატური ინსტრუმენტია ამ ზარალის აღმოსაფხვრელად.

სახელმწიფომ უნდა თქვას, რას გააკეთებს იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ეს ზარალი მიადგა, ვის განათლებაშიც ეს ფული დახარჯულია, ანუ კონკრეტული მასწავლებლების ხელფასი, რომლებიც ვერ ატარებენ გაკვეთილებს, მათთვის რას გააკეთებს, რომ ეს ზარალი აღმოფხვრას, ტელესკოლით ეს ზარალი ვერ აღმოიფხვრება.

ერთადერთი ზარალი, რაზეც ამ გამოსვლის დროს იყო საუბარი, იყო ის, რომ შეიძლება რომელიმე ბავშვმა დაბალი ნიშანი მიიღოს, ვიდრე უნდოდა, რომ მიეღო. ამის გარდა, ბევრი სხვა ზარალია, უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, განათლების მიღების კონსტიტუციური უფლება, დარღვეულია და, სავარაუდოდ, აქ ვსაუბრობთ არა ერთ ან ორ ბავშვზე, არამედ ათასობით ბავშვზე.

ცალკე საკითხია, ის, რომ, როცა სახელმწიფოს რიტორიკაში ძირითადი ადგილი უკავია შეფასებებს და ტესტირებებს, ეგ უკვე იმაზე მეტყველებს, რა არის ზოგადად სისტემისთვის მნიშვნელოვანი. ანუ მშობლების ინტერესი რა გონია სახელმწიფოს და როგორ პასუხობს ის ამას.

რიტორიკისთვის პრობლემურია ისიც, რომ ლეგიტიმაციის წყაროდ სახელმწიფო ხედავს საერთაშორისო ორგანიზაციებს და არა ადგილობრივ ორგანიზაციებს. სულ არის საუბარი იმაზე როგორ მოიწონა რომელიღაცა საერთაშორისო ორგანიზაციამ და არა ადგილობრივმა ეს თუ ის საქციელი.

ცალკე საკითხია ის, რომ ამ მოწონებებს შორის არიან ხალხი, ვისაც ფულს უხდის სამინისტრო და მერე ამას, როგორც ობიექტურ შემფასებლებს, ისე გვაწვდიან. თუმცა პრობლემა ზოგადად არის ის, რომ ლეგიტიმაციის წყარო უნდა იყოს ჩვენი საზოგადოება, რომელიც უკვეთავს სახელმწიფოს, რომ შექმნას განათლების სისტემა და არა ერთი ადამიანი, მაგალითად, ანდრეას შლაიხერი, რომლის რეპუტაციაც დაბალია სამეცნიერო და საერთაშორისო საგანმანათლებლო წრეებში. რეპუტაცია დაბალი აქვს, მაგრამ ძალაუფლება მაღალი, იმიტომ, რომ ატარებს საერთაშორისო შეფასებებს, მაგრამ ასეთი ადამიანების და კომერციულად განწყობილი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები არ უნდა იყოს მთავარი. ასეთ დროს გადამწყვეტი უნდა იყოს, რას ამბობენ უნივერსიტეტები, სკოლები და აქედან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ გვაქვს თუ არა წარმატება.

ეს მნიშვნელოვნად განსხვავდება ნებისმიერი ევროპული დონის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმისგან, სადაც ძირითადი განმსაზღვრელი არის ადგილობრივი საზოგადოება და სამეცნიერო საზოგადოება.


ზიანს რომ მივუბრუნდეთ, სავარაუდოდ, რამდენი ბავშვი დარჩა ონლაინსწავლების მიღმა?


ჩვენ ვიცით ის, რომ ჩვეულებრივ პირობებში სადღაც ბავშვების მეოთხედი ვერ იღებს საკმარის ცოდნას, რომ დაძლიოს საბაზისო წერა-კითხვის უნარების დონე და წარმოიდგინეთ ამ პირობებში, როცა ის შესაძლებლობებიც არ აქვთ, რაც ჰქონდათ, როგორ ვითარდებიან ბავშვები.

მაგალითად, ვიცით ის, რომ ერთ მესამედს არ აქვს ინტერნეტზე ყოველდღიური წვდომა. თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს ერთი მესამედი ისეა გადანაწილებული ბავშვებზე, როგორც მთლიან მოსახლეობაზე, მაშინ ბავშვთა ერთ მესამედს ხელმისაწვდომობა არ აქვთ ინტერნეტზე. დანარჩენებს შეიძლება აქვთ ხელმისაწვდომობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სრულფასოვნად არიან ჩართული სწავლაში, რადგან შეიძლება მათ მასწავლებლებს არ ჰქონდეთ ინტერნეტი იმისთვის, რომ ასწავლონ, ან არ ჰქონდეთ კომპიუტერები. ბავშვებს კი ჩუქნის სახელმწიფო ტექნიკას რამდენიმე წელია, მაგრამ მასწავლებლებს არ ჩუქნის და არ აძლევს შესაძლებლობას, რომ იაფად შეისყიდონ. ჩვენ წარმოგვიდგენენ წარმატებად იმას, რომ მასწავლებლებმა ონლაინსწავლება დაიწყეს. რამდენმა დაიწყო რეალურად? არაფერი ვიცით.


განათლების სამინისტროს ეს ეცოდინება?


სახელმწიფოს გარკვეული ინფორმაცია აქვს, აგროვებენ ამ ინფორმაციას. მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია.

ცალკე საკითხია, რომ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს იმ მოსწავლეების უსაფრთხოებაზე, რომლებიც გადიან დისტანციურ განათლებას. საფრთხეები გაიზარდა, რადგან მათ შესახებ ინფორმაცია გროვდება ინტერნეტში და არის უამრავი საფრთხის შემცველი ელექტრონული საშუალება და ა.შ.


რა გავიგეთ იმაზე, რას გააკეთებენ შემდეგ წელს?  რა ვისწავლეთ ამ გამოცდილებიდან და როგორ გამოვიყენებთ ამ გამოცდილებას ახალ სასწავლო წელს, ხომ შეიძლება ისევ საჭირო გახდეს დისტაციურ სწავლებაზე გადასვლა?


 ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ ჩვენი განათლების სისტემა და მისი ხელმძღვანელობა რთულად სწავლობს რამეს. ახლა კი დაჩქარებულად ვისწავლეთ ტექნოლოგიების გამოყენება, მაგრამ სისტემის კრიტიკული შეფასება არ ჩანს, რომ ხდება.

იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ თქვას, რომ დახვეწს კანონმდებლობას; ეცდება, რაც შეიძლება მეტმა სკოლამ შექმნას დისტანციური რესურსები, ამბობს, რომ ჩვენ გავაკეთებთ ელექტორნულ რესურსებს და ისიც არ ვიცით, ამ რესურსებს ეს ხალხი იყენებს თუ არა.

ამ პროცესმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა და გააღრმავა ის არსებული პრობლემები, რომლებზეც მიუთითებდნენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მუდმივად მოჰყავთ, როგორც ავტორიტეტები.

ერთი ძირითადი პრობლემა ჩვენ სისტემაში არის უთანასწორობა, რომ ბავშვებს შორის უზარმაზარი უთანასწორობაა რესურსების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ამ რესურსებში იგულისხმება არა მხოლოდ ფიზიკური რესურსები – სკოლა ტექნოლოგიური რესურსები, ინტერნეტი, არამედ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგებზე ხელმისაწვდომობაც უთანასწოროა. ასევე დროის თვალსაზრისითაც ამ ბავშვებს სხვადასხვა დრო აქვთ. ნაწილი მუშაობს, ნაწილი და-ძმას უვლის, როცა მშობლები მუშაობენ და ა.შ. ამ ვითარებამ ეს უთანასწორობა კიდევ უფრო გაზარდა.

ბავშვები, რომლებიც ყოველდღიურად დისტანციურად სწავლობენ, ბავშვები რომლებიც ყოველდღიურად უყურებენ ტელევიზორს და არის კიდევ ჯგუფი, რომელიც არც ონლაინ სწავლობს და არც ტელევიზორს უყურებს – მათ შორის განვითარების კუთხით უზარმაზარი სხვაობა იქნება. ეს სხვაობა ზაფხულის განმავლობაშიც ისედაც ყოველთვის იზრდებოდა – როცა ბავშვების ნაწილი აქტიურად ისვენებს და შემოქმედებით საქმიანობაშია ჩართული, საზაფხულო სკოლებში დადიან, ბავშვების ნაწილი სიმინდს ყიდის პლაჟზე – ამ ბავშვებს შორის განვითარების თვალსაზრისით განსხვავება უზარმაზარია და შემდეგ მათი ცხოვრებისეული განვითარების პერსპექტივაც განსხვავებულია.

იმის ნაცვლად რომ ამაზე იზრუნოს სახელმწიფომ და თქვას, რომ ჩვენ ასეთი ბავშვებისთვის გავაკეთებთ საზაფხულო სკოლებს, დამატებით მივცემთ ტექნოლოგიებს, გახანგრძლივებულ საათებს გავაკეთებთ სკოლებში – ამის ნაცვლად გვეუბნებიან, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს, რადგან ტელესკოლა არის, ესე იგი ეს სემესტრი არ ჩავარდნილა.

ცალკე ნაწილია ის, რომ რაც ახალი გაკეთებული არაა ახლად გაკეთებულად წარმოგვიდგენენ. ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი, რომელიც 2005 წელს არის შექმნილი 2020 წელს წარმოგვიდგინეს, როგორც სიახლე, რომ თითქოს კრიზისის დროს მოიფიქრეს შეფასების ახალი ფორმა. ტერმინები – „განმავითარებელი“ და „განმსაზღვრელი“ ახალი არაა. 15 წლის წინ იმ შეხვედრაზე ვარ ნამყოფი, სადაც ეს ტერმინები ჩამოყალიბდა.


ეს კითხვაც სისტემის მზაობას ეხება – ასევე მნიშვნელოვანია როგორ იქნება დაცული სკოლებში ჰიგიენური ნორმები, ამაზეც არაფერი მოგვისმენია ანტიკრიზისულ გეგმაში.


სკოლებში თეორიულად ასწავლიან ბავშვებს ხელების დაბანას. თეორიულად იმიტომ, რომ წყალი არ მოდის. სკოლების დიდ ნაწილში ასეულობით სკოლაში გამდინარე წყალი არ არის. თავი დავანებოთ იმას, რომ ჰიგიენური ნორმები ზოგადად დაცული არ არის. ახლა ეს პრობლემა კიდევ უფრო გამოაშკარავდა და მნიშვნელოვანი გახდა.

სახელმწიფომ რომ დამარწმუნოს, რომ შეძლებს პრობლემებთან გამკლავებას, უნდა მითხრას ერთი ციფრი მაინც – რამდენ ბავშვს დაეხმარება შემდგომში, ვისაც ჰქონდა პრობლემა, რამდენ ფულს დახარჯავს.

იმისთვის, რომ დამაჯერებელი იყოს და დამარწმუნოს, რომ მართლა გააკეთებს, რასაც ამბობს 15 წლის დანერგილი სიახლედ არ უნდა წარმოგვიდგინოს და უცხოელების შეფასებები, რომლებსაც ფულს უხდის, არ უნდა წარმოგვიდგინოს წარმატებად.

ასევე იმისთვის, რომ მივხვდეთ, რომ სისტემურად სწორად არის აწყობილი მათი ნაბიჯები, უნდა ვიცოდეთ, რომ არა მარტო რესურსებს ქმნიან, არამედ ცდილობენ, პროცესზე გავლენა იქონიონ. ამის გარდა, სანამ სახელმწიფო არ გააცნობიერებს, რომ მას პარტნიორები სჭირდება და პარტნიორები არ არიან კომერციული ორგანიზაციები, არამედ საზოგადოებაა და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მანამდე ვერაფერს დანერგავს, რის დანერგვასაც ცდილობს.

 

PUBLIKA




21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-09-21 18:05:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 1 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-21 21:00:56
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. გაზრდილი ხელფასები, ბანკების სუბსიდირება და რეკორდული ვალი - პანდემიური ბიუჯეტის პარადოქსები COVID-19-ის გავრცელებამ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე დიდი გავლენა მოახდინა. პანდემიისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბიუჯეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავე დროს,...

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ
access_time2020-09-21 17:00:17
ფულის გათეთრებასა და საეჭვო ტრანზაქციებზე გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (ICIJ)  კვლევაში ქართული ბანკებიც მოხვდნენ.  ანგარიში ამერიკული კომერციული ბანკების მიერ 1997-2017 წლებში რეგისტრირებულ საეჭვო ტრანზაქციების სიას ეფუძნება, რომლის ჯამური მოცულობაც $2 ტრილიონს შეადგენს. ამ ტრანზაქციების უმეტესობა ევროპის, აშშ-ის და აზიის წამყვანი ბანკების მიერ იყო განხორციელებული და ფულის გათეთრების მომეტებულ რისკებს შეიცავდა. FinCEN-ის მონაცემებში...

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა
access_time2020-09-21 19:00:29
კორონავირუსით დაავადებულთა სწრაფმა ზრდამ შესაძლოა მთელ რიგ ქვეყნებს ახალი კარანტინის შემოღება აიძულოს. მათი უმეტესობა ყველანაირად ამას ეწინაამღდეგება თუმცა, ტენდენციის გაძლიერების შემთხვევაში მათ, შესაძლოა სხვა არჩევანი არც დარჩეთ.   საფრანგეთში პარასკევს დაავადებულთა რაოდენობა 10 000-ით გაიზრდა  - ეს მაისის შემდეგ მაქსიმალური ზრდაა.   პორტუგალია დღეში 770 დაინფიცირებულზე იტყობინება - ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 5 თვის მანძილზე,...

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!
access_time2020-09-21 15:15:46
ლარს კორონავირუსი შეეყარა და ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილიო, ხუმრობენ ეროვნულ ვალუტაზე, მაგრამ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს, რადგან ბოლო ორ კვირაში ლარი დოლარის მიმართ თითქმის 14 თეთრით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ბაზარს 400 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა. ბოლო ორ კვირაში ორჯერ გაყიდა 40-40 მილიონი, მაგრამ ლარის კურსს ვერც ამან უშველა. ექსპერტების თქმით, ლარი “შავ დღეშია” და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების არაერთ მიზეზს...


მსგავსი სიახლეები

up