ვარკეთილში გაჩენილი ხანძრის ადგილას საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილიც მივიდა და მედიასთან საუბარში არსებული ვითარება შეაფასა. მისი თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული არცერთი დამწვარი ბაზრობის ინცინდენტი შესაბამისად არ გამოძიებულა.
შეიძლება შემთხვევით გაჩნდა, მართლა შემთხვევით გაჩნდა, მაგრამ უკვე ამის დაჯერება ჭირს ხოლმე მარტივი რამის გამო - არასდროს, არცერთი გამოძიება არ მივიდა ბოლომდე, - ამბობს ხაბეიშვილი.
მისივე თქმით, მოვაჭრეებისგან ამოღებული გადასახადების მიუხედავად, ვერცერთი ბაზრის ხელმძღვანელობა ვერ ახერხებს უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვას.
ლევან ხაბეიშვილი დედაქალაქის მერის მოადგილესაც გამოეხმაურა, რომელიც მოვაჭრეებს ზარალის ანაზღაურებას დაპირდა. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე არც ერთი დაზარალებული მოვაჭრისთვის დაპირების მიუხედავად, ზარალი არ აუნაზღაურებიათ.
ილია ელოშვილმა დაზარალებული მოვაჭრეებისთვის ზარალის ანაზღაურების პირობა დადო. ელოშვილი ხანძრის ადგილას იმყოფებდა და განაცხადა, რომ ხვალიდან ზარალის დათავლა და მოვაჭრეებთან შეხვედრები დაიწყება, გაირკვევა ვის ჰქონდა პროდუქცია დაზღვეული და ამის შესაბამისად მოხდება ზარალის კომპენსირებაც.
ხვალ დაითვლება ყველა ზარალი და ყველა ადამიანი, ვინც დაზარალდა, სახელმწიფო გვერდში დაუდგება. რაც მთავარია ლოკალიზება მოხდა ეფექტურად“, - განაცხადა ელოშვილმა.
წყარო: მთავარი არხი