პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ შიმშილობის შეწყვეტა გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე გააკეთა.
ალექსეი ნავალნიმ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა მხარდამჭერისთვის. მისი თქმით, ამ მხარდაჭერის წყალობით, ექიმებმა ის ორჯერ შეამოწმეს და მას ანალიზებსა და კვლევებს უტარებენ.
18 აპრილს, ალექსეი ნავალნის ექიმმა, იაროსლავ აშიმხინმა განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს მოკვდეს. მისი განცხადებით, ნავალნის სისხლის ანალიზის შედეგების თანახმად, კალიუმის დონე იმდენად მაღალია, რომ, შეიძლება, გულის გაჩერება გამოიწვიოს. ის ასევე ამბობს, რომ გაზრდილია კრეატინინის დონეც, რაც თირკმელების ფუნქციონირების დაქვეითებაზე მიანიშნებს.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ პატიმრობაში მყოფ ალექსეი ნავალნისთან ექიმები უნდა დაუშვას.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში თუ დაიღუპება, ამას რუსეთისთვის შედეგები მოჰყვება.
imedinews.ge