როგორც ეპიდემიოლოგები ვარაუდობდნენ, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები აპრილის დასაწყისიდან დაიწყებოდა, ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ეს ტენდენცია შეიმჩნევა, თუმცა ის დინამიკა, რაც ახლა გვაქვს, საკმაოდ დამაკმაყოფილებელია და განიხილება, როგორც კარგი სცენარი- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.
ალექსანდრე გოგინავამ მიმდინარე კვირას პრეკრიზისული უწოდა, რომლის შემდეგაც 2 კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევები მოიმატებს.
„თუმცა ეს დინამიკა მაძლევს ისეთ განცდას, რომ შესაძლებელია ჩვენთან პიკი არ იყოს ისეთი მაღალი, როგორც სხვა ქვეყნებში და საქართველომ ბევრად უფრო იოლად გადაიტანოს ის პანდემია“- აცხადებს გოგინავა.
ამასთან, ინფექციონისტი პიკის დასრულებას აპრილის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე ვარაუდობს.
საქართველოში კორონავირუსი 174 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge