პარლამენტმა ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩო დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების რეზოლუციის ფუნქცია დაემატა.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე იმედოვნებს, რომ რეზოლუციის პროექტი არცერთ ბანკთან დაკავშირებით არ დაიწყება, თუმცა აღნიშნავს, რომ ახალი ჩარჩოს მომზადების შედეგად, ქვეყანაში ფინანსური სექტორის სფეროს სტაბილურობა კიდევ უფრო გაიზრდება.
„რეზოლუციის ჩარჩო ბანკებზე სებ-ის გავლენას გააძლიერებს. ეროვნულ ბანკს საშუალება ექნება, რომ საჭიროების შემთხვევაში საბანკო სექტორის გაჯანსაღების მიზნით ბიუჯეტის სახსრები მათკენ მიმართოს. თუმცა, აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ დღეისათვის საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურია და არანაირი პრობლემის წინაშე არ დგას. თუმცა, რეზოლუციის ახალი ჩარჩოს მომზადების შედეგად, ქვეყანაში ფინანსური სექტორის სფეროს სტაბილურობა კიდევ უფრო გაიზრდება. იმედი მაქვს, რომ რეზოლუციის პროექტი არცერთ ბანკთან დაკავშირებით არ დაიწყება“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.
ცვლილების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, რეზოლუციის ჩარჩო ეროვნულ ბანკს ამ პრობლემებზე ადრეული რეაგირების შესაძლებლობას მისცემს, ხოლო თუ ასეთი რეაგირება უშედეგოდ დასრულდა, რეზოლუცია რეგულატორის მიერ კომერციული ბანკის იმგვარად რესტრუქტურიზაციას გულისხმობს, რომ საფრთხე არ შეექმნას ფინანსურ სტაბილურობას.
ალექსანდრე ძნელაძე მიიჩნევს, რომ კომერციული ბანკების პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის ნაადრევად ჩარევა, გრძელვადიან პერიოდში დადებით შედეგს გამოიწვევს.
„ეს არის ეროვნული ბანკის მხრიდან ცალსახა ცვლილება იმ კუთხით, რომ მას შეუძლია უკვე არამხოლოდ გაკოტრების პირას მდგომ ბანკთან გამოიყენოს დამატებითი ინვესტიციის საშუალება, არამედ როდესაც ხედავს საფრთხეს, რომ ბანკი უკვე ამ პროცესისკენ მიდის. გრძელვადიან პერიოდში ეს ნამდვილად დადებით შედეგს გამოიღებს, თუმცა მოკლევადიან პერიოდში ბანკებზე ამ ცვლილებას რა გავლენა ექნება, ჯერჯერობით რთული სათქმელია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბანკების რეზოლუციისა და გაჯანსაღების ჩარჩო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავდა“, - აღნიშნავს ალექსანდრე ძნელაძე.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ჩარჩო ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების მიხედვით შემუშავდა, ხოლო საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები. საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების პროცესი საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან ინტენსიური კონსულტაციების ფონზე მიმდინარეობდა.
ნინო თამაზაშვილი