ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ამჯერად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს უპირისპირდება და იმ მიზეზებს განუმარტავს, რის გამოც მისი კლინიკა იძულებული გახდა პაციენტების მიღება შეეჩერებინა.
თენგიზ ცერცვაძე დიმიტრი ხუნდაძეს საჯარო წერილით მიმართავს, საიდანაც ირკვევა, რომ გარდა პალატების, ტუალეტებისა და დერეფნების მძიმე მდგომარეობისა, კლინიკაში პაციენტების უსაფრთხოებაც არ არის დაცული.
"ბატონო დიმიტრი! ჩვენ იძულებული ვიყავით დროებით შეგვეჩერებინა ზემოთაღნიშნული პაციენტების მიღება, ვინაიდან ცნობილი მიზეზების გამო, ცენტრში არ იყო უზრუნველყოფილი ამ პაციენტების მიღებისა და მომსახურებისთვის ელემენტარული, მინიმალურად აუცილებელი პირობები. ამასთან, საქმე ეხება არა მხოლოდ ძალიან ცუდ ყოფით პირობებს (პალატები, ტუალეტები, დერეფნები და სხვ.), თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ პაციენტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი სისტემებისა და სერვისების არარსებობას, როგორიცაა სავალდებულო ვენტილაცია, ჟანგბადის მიწოდების სისტემა, კორპუსების დამიწება, ადრე შეძენილი კომპიუტერული ტომოგრაფის დასადგამი ფართის მოწყობა და სხვ.
COVID-19-ით და/ან აივ/შიდსით ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი ჟანგბადის არმიწოდების გამო რომ დაღუპულიყო (რაც ძალიან რეალურია) ან ვენტილაციის და/ან გამწმენდი ნაგებობის არქონის გამო COVID-19-ის ან სხვა საშიში ინფექციების გავრცელება მომხდარიყო (რაც ასევე ძალიან რეალურია), ან კიდევ დამიწების არქონის გამო პაციენტისთვის დენს დაერტყა, ვინ იქნებოდა ამაზე პასუხისმგებელი? ალბათ ისევ ჩვენ დაგვიჭერდნენ"-წერს თენგიზ ცეცრცვაძე.
მისივე თქმით, ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ცენტრში სარემონტო სამუშაოების ჩატარება ჯანდაცვის სამინისტროს ბევრჯერ სთხოვა, თუცა უშედეგოდ:
ბატონო დიმიტრი! როდესაც ბრძანებთ, რომ პაციენტების მიღების შეჩერება არასწორი გადაწყვეტილება იყო, იქნებ ისიც გვითხრათ, რომელი იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება და როგორ უნდა მოვქცეულიყავით - დაგვეყენებინა პაციენტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ? - წერს თენგიზ ცეცრცავძე დიმიტრი ხუნდაძეს, რომელმაც ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გადაწყვეტილებას არასწორი უწოდა.
შეგახსენებთ, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა კოვიდ და აივ ინფიცირებული პაციენტების მიღებას შეაჩერა და მიზეზად კლინიკის უმძიმესი მდგომარეობა დაასახელა.
ამის გამო, ჯანდაცვის მინისტრი საავადმყოფოს დაჯარიმებით დაემუქრა და განმარტა, რომ ინფექციურის ხელმძღვანელობას საკუთარი გადაწყვეტილება სამინისტროსთვის 2 თვით ადრე უნდა ეცნობებინა, თუმცა ასე არ მომხდარა.
გუშინ, 21 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის ეკონომიკის სამინისტრომ ინფექციურს 300 ათასი ლარი გამოუყო
MTAVARI.TV