ალბანეთში დეპუტატებს და მინისტრებს ხელფასი გაუნახევრდებათ. ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მოსალოდნელი ეკონომიკური ვარდნის გამო მიიღო.
მისივე თქმით, თავდაპირველად განიხილებოდა გეგმა, რომლის მიხედვითაც ყველაზე დიდი წვლილი მსხვილ ბიზნესსა და სახელმწიფო სექტორში მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე დასაქმებულებს უნდა შეეტანათ.
„ვინაიდან ეს შეიძლებოდა, არასწორად შეფასებულიყო - თითქოს ჩვენ ხელფასებისა და პენსიების გასაცემად საჭირო თანხები არ გვაქვს, გადავწყვიტეთ, რომ „ომის“ დასრულებამდე მინისტრები და დეპუტატები მხოლოდ ხელფასის 50%-ს მიიღებენ. დიახ, კორონავირუსთან ბრძოლა ომია, რომელშიც ალბანეთი მხოლოდ თავისი თავის იმედად უნდა იყოს, იმიტომ რომ სხვა ქვეყნები ამ ომში თავიანთ ტერიტორიებზე არიან ჩართულები“, - განაცხადა ედი რამამ.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი ალბანეთში 64 ადამიანს დაუდგინდა, 2 მათგანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge