თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
კანონმდებლობაში შესატანმა ცვლილებებმა ქვეყანაში ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გამოყენების საკითხი უნდა მოაწესრიგოს.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიას განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ცნებას, ასეთი იარაღის ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და ასვე გაზის (აირის) იარაღის ტარების რეგულაციებს და სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.
„იარაღის შესახებ“ კანონის დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რისთვისაც კანონმდებლებს ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც შეაქვთ.
კომიტეტმა კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გატანას მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, ანრი ოხანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.