წლის ბოლოს გაზზე მომუშავე ავტომობილების ტექდათვალიერება დასრულებული უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, მძღოლები ჯერ თავს არ იწუხებენ, არადა, ახალი წლიდან შეუმოწმებელი მანქანები დაჯარიმდება. შპს "აირბალონისა" და შპს "გაზინჟინერის" წარმომადგენლები შემოწმების მსურველთა რაოდენობას უჩივიან, მიზეზად კი ინფორმაციის ნაკლებობას ასახელებენ.
გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირებას მხოლოდ ორი კომპანია - შპს "აირბალონი" და შპს "გაზინჟინერი" ახორციელებს. მომსახურების საფასური 120-130 ლარია. ამ თანხაში რამდენიმე პროცედურა შედის, რომელიც აუცილებელია გაზზე მომუშავე, ავტომობილების შემოწმებისათვის.
შპს "აირბალონის" ტექნიკურმა დირექტორმა ნოდარ რამიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ავტომფლობელთა მხრიდან მომართვიანობა ძალიან მცირეა. წესით, ავტომობილების შემოწმება მძღოლების ნება-სურვილი უნდა იყოს და არანაირი ძალდატანება არ უნდა სჭირდებოდეთ.
"როდესაც ნაციონალური მოძრაობა მოვიდა ხელისუფლებაში, ტექდათვალიერება საერთოდ აკრძალეს. "ქართული ოცნების" პერიოდში კი, 2014 წლიდან განაახლეს ეს საკითხი და მიიღეს #80 დადგენილება. 2015 წლის მარტში კვლავ ჩატარდა სხდომა და მიიღეს ტექნიკური რეგლამენტი (ეს არის იურიდიული დოკუმენტი და მისი შესრულება სავალდებულოა). მძღოლებმა, რომლებიც მართავენ აირბალონიან სატრანსპორტო საშუალებებს, უნდა უზრუნველყონ აღნიშნული ავტომობილების ამ დადგენილებით გათვალისწინებული ინსპექტირება.
მალევე კვლავ ჩატარდა სხდომა და #167 დადგენილებით შემოწმების ბოლო ვადად 2017 წლის 1-ლი იანვარია განსაზღვრული. ვინაიდან ახალი დადგენილება არ გამოსულა, ახალი წლიდან პატრულს უფლება ექნება, გაამკაცროს კონტროლი და დააჯარიმოს ყველა ის მძღოლი, ვინც ტექდათვალიერების გარეშე იმოძრავებს.
ამ ეტაპზე ავტომფლობელთა მხრიდან მანქნების შემოწმების აქტივობა ძალიან დაბალია. ჩვენმა კომპანიამ მიიღო აკრედიტაცია 2016 წლის 16 ივნისს. ამ დროიდან დღემდე სულ 130 ავტომობილია გატარებული, აქედან 40 - ყვითელი მიკროავტობუსი. სატვირთო ავტომობილები საერთოდ არ გვყავს შემოწმებულთა სიაში.
რაც შეეხება ინფორმირებულობას, მართლაც ძალიან დაბალ დონეზეა. არ ვიცი, მთავრობა რატომ პასიურობს. ეს შემოწმება, პირიქით, ყველა მძღოლის სურვილი უნდა იყოს და არანაირ ძალდატანებას არ უნდა ჰქონდეს ადგილი.
მძღოლების ინფორმირებულობაზე არავინ ზრუნავს და განცხადებას არ აკეთებს. ჩემი რჩევა იქნება, კომპლექსურად იმუმუშაოს ეკონომიკის სამინისტრომ და აკრედიტაციის ეროვნულმა ცენტრმა. ისინი თავად უნდა აკეთებდნენ რეკლამას, რომ მოსახლეობა არ დაიბნეს და მიიღოს ზუსტი, ამომწურავი ინფორმაცია. ამაში დიდი როლი პატრულმაც უნდა ითამაშოს. საჭიროა, მძღოლების გაფრთხილება დაიწყონ, არ ვგულისხმობ ჯარიმას, უბრალოდ, სიტყვიერი ან წერილობითი გაფრთხილების მიცემა უფრო დააჩქარებდა პროცესს", - განაცხადა რამიშვილმა.
იგი ვარაუდობს, რომ ყველას ბოლო თვეს მოუნდება ავტომობილის შემოწმება და იქნება საშინელი რიგი. ეს თავად შეუქმნის ავტომობილის მეპატრონეებს დისკომფორტს.
"აქედანვე ვაცხადებთ, რომ კომპანიები არც ერთ დეტალზე არ დავხუჭავთ თვალს და ყველაფერი ჩატარდება წესების დაცვით. მინდა მძღოლებს მივმართო და ვთხოვო, რომ მანქანის შესამოწმებლად მოყვანამდე, მის სისუფთავეზე იზრუნონ. იმედია, ამას გაითვალისწინებენ და დიდ დროს არ დავკარგავთ შემოწმების პროცესში", - აღნიშნა რამიშვილმა.
შპს "გაზინჟინერის" ხარისხის მართვის მენეჯერის ირაკლი კიღურაძის განცხადებით, მძღოლები ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან და სწორედ ეს არის მიზეზი ინსპექტირებული ავტომობილების სიმცირისა.
"ჩვენი კომპანია მაისიდან მუშაობს და მხოლოდ 35 მანქანაა შემოწმებული, რაც მძღოლების არაინფორმირებულობაზე მიუთითებს. ავტომობილების შემოწმება უნდა ჩაეტიოს მოცემულ ვადებში და ეს პროცესი თუ ამ ტემპით გაგრძელდა, ვფიქრობ, გაგვიჭირდება მოვასწროთ ყველა საჭირო პროცედურის გავლა. ის მძღოლი კი, რომელსაც არ ექნება შესაბამისი საბუთი, რასაკვირველია, კანონდამრღვევად ჩაითვლება", - განაუცხადა "რეზონანსს" კიღურაძემ.
ინფორმაციის ნაკლებობაზე საუბრობს ავტომფლობელი ირაკლი ბრეგვაძე, რომელსაც კარგა ხანია, მანქანა "გაზზე ჰყავს გადაყვანილი". ის ავტომობილის შემოწმებას ახლო მომავალში აპირებს და ამ საქმეში ჩართულ ყველა ორგანოს მოუწოდებს ინტენსიური მუშაობისკენ, რათა მოხდეს მძღოლების დროული გაფრთხილება.
"საერთოდ არ მქონდა ინფორმაცია შემოწმების შესახებ, ახლა პირველად მესმის თქვენგან. აუცილებლად გავივლი შემოწმებას. ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ბოლოდროინდელ ავტოსაგზაო შემთხვევებსაც თუ გავითვალისწინებთ, ისევ საგზაო უსაფრთხოებისთვის კეთდება ეს ყველაფერი. ვფიქრობ დათვალიერების კიდევ უფრო აქტიური დარეკლამებაა საჭირო, რადგან შეიძლება სხვებიც არ იყვნენ საქმის კურსში", - ამბობს ირაკლი ბრეგვაძე.
ზურა ბენაშვილი ერთ-ერთი მძღოლია, რომელმაც საკუთარ ავტომობილს ინსპექტირება ჩაუტარა და მშვიდად ხვდება ძალაში შესულ კანონს, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყება შემოწმება.
"ერთი თვის წინ გავიარე ტექდათვალიერება და მშვიდად ვარ. არანაირი შიში აღარ მაქვს. ძალიან კარგია, როდესაც მსგავს საკითხებზე ყურადღება მახვილდება. სულ რომ არ იყოს სავალდებულო, თავად მძღოლებმა უნდა მიმართონ მაკონტროლებელს", - განუცხადა "რეზონანსს" ზურა ბენაშვილმა.
სპეციალისტების ცნობით, გაზზე მომუშავე ავტომობილების რიცხვი 250-300 ათასია, ტექდათვალიერების ვადის ამოწურვამდე კი 2,5 თვე რჩება. დროის სიმცირის მიუხედავად, ისინი იმედოვნებენ, რომ ავტომფლობელები მანქანების შემოწმებას ამ მცირე დროში მაინც მოახერხებენ.