ფრანგული ავიაკომპანია Air France-ის სპეციალური რეისის ერთ-ერთ პილოტს, რომელსაც ჩინეთიდან საფრანგეთში 16 მილიონი პირბადე უნდა ჩაეტანა, კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.დადგენილი წესების თანახმად, ჩინეთის ტერიტორიაზე შესასვლელად ყველა პირმა კორონავირუსზე ტესტირება უნდა გაიაროს. აღნიშნული სპეცრეისის სამივე პილოტმა ასევე გაიარა ტესტირება და ერთ-ერთს ინფიცირება დაუდგინეს, რის გამოც იგი კარანტინში გადაიყვანეს.
16 მილიონი პირბადე შანხაიდან საფრანგეთში 6 აპრილს უნდა ჩაეტანათ, თუმცა აღნიშნული შემთხვევის გამო ტვირთის გადაზიდვა დაიბლოკა. ფრანგულმა მხარემ ტვირთის საფრანგეთში ჩასატანად ახალი ეკიპაჟი გააგზავნა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge