Air Astana ყაზახეთის რესპუბლიკის ავია-კომპანიაა, რომლის თვითმფრინავის ბორტზეც მგზავრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასტანას საერთაშორისო აეროპორტის ახლად გახსნილ VIP–დარბაზში „ქართული ღვინის კვირეული“ ფარგლებში მგზავრებს ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა შესთავაზეს.
„ქართული ღვინის კვირეული” ყაზახეთის რესპუბლიკაში 18-დან 23 მარტის ჩათვლით გაიმართა. კვირეული საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ავია-კომპანია Air Astana-ს მხარდაჭერით ჩატარდა.
სამინისტროში აცხადებენ, რომ „ქართული ღვინის კვირეულის“ ყაზახეთში გამართვის მიზანი ქართული კულტურის, ისტორიის, ქვეყნის ტრადიციებისა და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაა. ასევე მნიშვნელოვანია უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ქართული ეროვნული პროდუქციის შესახებ. ღონისძიებაზე გაიმართა ღვინის და ვაზის თემატიკის ექსპოზიცია, ისაუბრეს ქართული მეღვინეობის კულტურის და ტრდიციების შესახებ. აქცენტი გაკეთდა ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული მეთოდის მსოფლიო არამატერიალური კულტურის ნიმუშად აღიარების ფაქტს UNESCO-ს მიერ.
საქართველოს საელჩომ ღონისძიებაზე წარმოადგინა საინფორმაციო-ილუსტრირებული ბროშურები, რომლებზეც წარმოდგენილი გახლდათ საქართველოს კულტურის ღირშესანიშნავი ძეგლები, ინფორმაცია ტურისტული რეგიონების პოტენციალის, ეკონომიკური განვითარების და განხორციელებული რეფორმების შესახებ.