2019 წლის სექტემბერში საგურამოში ფინური საერთაშორისო სკოლა გაიხსნა, რომელიც საქართველოში ფინური სტანდარტების შესაბამისი პირველი სკოლაა. პროექტი „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგმა” განახორციელა.
ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი აიეტი კუკავა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე 2019 წელს სკოლამ მხოლოდ დაწყებითი კლასები მიიღო, თუმცა, იგეგმება კლასების და შესაბამისად სასწავლო კორპუსების დამატება.
„ამ ეტაპზე პირველიდან მესამე კლასის ჩათვლით გვაქვს, მარტიდან კი მეოთხე კლასშიც დავიწყებთ მოსწავლეების რეგისტრაციას. კლასების დამატებასთან ერთად მშენებლობასაც დავამატებთ, თუმცა, ამ ეტაპზე გეგმიურად მივდივართ. პირველი შენობა თითქმის სრულდება, მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ოთხი კლასისთვის შენობა უკვე გვაქვს, 2022 წლამდე კიდევ ერთი კლასის დამატებას ვგეგმავთ, შემდეგ უკვე დაემატება 6-დან 9 კლასამდე და მეორე კორპუსსაც ავაშენებთ, საბოლოოდ კი 10-დან მე-12 კლასამდეც გვექნება და მესამე შენობაც აშენდება.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირობებში გადასახადი ჩვენს სკოლაში დაბალია და 3850 ევროს შეადგენს, თუმცა ნელ-ნელა გაიზრდება, ეს პირველი ნაკადისთვის იყო გამონაკლისი და ასეთი დაბალი ფასი. ამ ეტაპზე ჩვენს სკოლაში 30 ბავშვი სწავლობს და სამი კლასია“, - განმარტავს აიეტი კუკავა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის აკადემიური პროგრამის შექმნის და მშენებლობის მიმართულებით „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ პარტნიორია ფინური საგანმანათლებლო ჯგუფი Polar Partners, რომელსაც განხორციელებული აქვს მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტები ფინეთსა და საერთაშორისო ბაზრებზე.
ნინო თამაზაშვილი