2020 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.05 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან
შედარებით სახეზეა ინდექსის 4.9 პროცენტიანი ზრდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
2020 წლის ივლისთან შედარებით ფასები 0.4 პროცენტით შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც -0.33 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება ძირითად ლითონებზე (-4.9 პროცენტი). ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე (3.3 პროცენტი), რამაც 0.31 პროცენტული
პუნქტი შეიტანა ინდექსის ცვლილებაში.
12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
⦁ დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.7 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.81 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (6.7 პროცენტი), სასმელები (5.0 პროცენტი) და სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (7.3 პროცენტი);
⦁ სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 19.6 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა ლითონის მადნებზე (28.3 პროცენტი);
⦁ ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 0.4 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.03 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.